22 აგვისტო 2026,   07:35
ვრცლად
აგვისტოს ბოლოს ყურადღების ცენტრში ვენეცია და რიგით 82-ე ფესტივალი მოექცევა - კუნძულ ლიდოსზე კინოსამყაროს ვარსკვლავები ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ კინოფორუმზე შეიკრიბებიან  

იტალიაში, კუნძულ ლიდოსზე კინოსამყაროს ვარსკვლავები ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფორუმზე 82-დ შეიკრიბებიან. ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის დაწყებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება.

პალაცო დელ სინემას დარბაზში მსახიობები, რეჟისორები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ნახავენ 21 სრულმეტრაჟიან ფილმს 6 ძირითადი კატეგორიიდან. არასაკონკურსო სექციიდან კი აჩვენებენ 11 ფილმს. მათ შორისაა ლუკა გუადანინოს დრამა ",ნადირობის შემდეგ”, ჯულია რობერტსის მონაწილეობით.

"ბუგონია"- იორგოს ლანთიმოსის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკური კომედიაა. სიუჟეტი ორ შეთქმულებით შეპყრობილ ახალგაზრდა მამაკაცზე მოგვითხრობს. ისინი დიდი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს იტაცებენ, რადგან ჰგონიათ, რომ ხელმძღვანელი უცხოპლანეტელია და დედამიწის განადგურება სურს.  

რეჟისორმა გილერმო დელ ტორომ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და მერი შელის ლეგენდარული რომანის საკუთარი ვერსია შექმნა. "ფრანკენშტეინი” გოთური რომანის სიუჟეტს არ ჰგავს. ორიგინალური ისტორიის შემდეგ 40 წელი გავიდა. დოქტორი პრეტორიუსი მონსტრს ეძებს, იმისთვის რომ ვიქტორ ფრანკენშტეინის ექსპერიმენტები გააგრძელოს.

ჯორჯ კლუნი, ადამ სენდლერი, ლორა დერნი და რაილი კიო - ვარსკვლავები ნოა ბაუმბახის ფილმში მოიყრიან თავს. ფილმი ჯორჯ კლუნიზე ანუ ჯეი კელიზე მოგვითხრობს, რომელსაც ევროპაში მოგზაურობა და ცხოვრების თავიდან დაწყება სურს.

დრამატულ თავგადასავალს გვპირდება ამერიკელი რეჟისორი ბენი საფდი თავის ახალ ფილმში "დამსხვრეული მანქანა", რომელშიც მთავარ როლებს დუენ ჯონსონი და ემილი ბლანტი ასრულებენ.

"დანტეს ხელში” - ჯულიან შნაბერის ახალი ფილმია. კინოსურათის ოფიციალური თიზერი ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა, ფილმის აღწერიდან ჩანს, რომ მასში ლეგენდარული მსახიობები - ალ პაჩინო, ჯონ მალკოვიჩი, მარტინ სკორსეზე და ოსკარ აიზეკი მონაწილეობენ. ფილმით მსახიობები მოგვიყვებიან სიტყვის ძალაზე, რომელიც დროს უძლებს.

ფესტივალზე წარდგენილი ფილმებიდან საუკეთესოს 6 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.

მთავარ საკონკურსო სექციას რეჟისორი და სცენარისტი ალექსანდერ ფეინი უხელმძღვანელებს, რომელსაც მიღებული აქვს ოსკარი, ოქროს გლობუსი, ბაფტა და გრემი.

ყოველწლიურად პალაცო დელ სინემას დარბაზში ცხოვრებისეული მიღწევებისთვის საპატიო ოქროს ლომი გაიცემა. წელს ეს ჯილდო გერმანელ რეჟისორსა და სცენარისტს ვერნერ ჰერცოგს გადაეცემა.

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალი 27 აგვისტოს გაიხსნება, ოქროს ლომის მფლობელები კი 9 სექტემბერს გამოვლინდებიან.

დღის ამბები