თვითმმართველობის არჩევნები, როგორც ტესტი, იმის საჩვენებლად, თუ ვინ ცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს - პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატებს ვენის კონვენციის დაცვისკენ მოუწოდებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უნდა შეწყდეს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა და წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა.
ის, რაც მმართველი გუნდისთვის კანონდარღვევაა, სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, თანამშრომლობად აღიქმება ოპოზიციისთვის. "ქართული ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ სახელისუფლებო გუნდი წინასაარჩევნოდ, პარტნიორების დისკრედიტირებას ცდილობს.
სახელისუფლებო პარტიაში კი, ბოლო საპარლამენტო არჩევნები გაიხსენეს, როდესაც დეპუტატების განცხადებით, უხვად იყო უცხოური ჩარევების შემთხვევები. უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, ელჩების აქტივობები საარჩევნო სუბიექტების კამპანიებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადება - უმრავლესობის წევრების თქმით, არღვევს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ საარჩევნო კანონმდებლობას და ხელს უშლის ქართველი ხალხის უფლებას, უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი.
თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. არცევნების ჩატარების შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გამოსცა.