22 აგვისტო 2026,   04:36
ვრცლად
"ვიზალიბერალიზაცია რომ შეწყდება, ეს ხალხი მე დამელოდება, რომ ქუჩაში გავიდეს? "ქართულმა ოცნებამ" იზრუნოს და შეასრულოს ვალდებულებები, თუ არ უნდა ქუჩაში გამოვარდნილი ქართველი ხალხის ნახვა" - ლევან სანიკიძე

"ნაციონალური მოძრაობისგან" ძალაში რჩება, მათივე თქმით, "მშვიდობიანი დამხობის" დაპირება - ლევან ხაბეიშვილი ელოდება, რომ სექტემბრის პირველ რიცხვებში, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული დრო ამოიწურება, საქართველოს მოქალაქეებს ევროპიდან გამოაბრუნებენ და ეს გახდება ხელჩასაჭიდი იმისთვის, რომ მთავრობა შეიცვალოს. 

"მე ვამბობ, რომ თუ არ შევდივართ არჩევნებში, მაშინ უნდა მოვემზადოთ რეჟიმის დასამხობად, ანუ ვამბობ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად. ჩვენ ხომ არ ვიცით ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რა იქნება. მაგალითად, მოლოდინი მაქვს, 31 აგვისტოს, როგორც კი აქედან ოფიციალური პასუხი არ ექნება რუსულ პარტიას და არ ექნება, ეს საჯაროდ თქვეს. 1-2-3 და 4 სექტემბერს ჩვენს მოქალაქეებს სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში პრობლემა შეექმნებათ", - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ მისი თანაპარტიელები. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის შეფასებით, თუ ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას დაკარგავს, მოქალაქეებს ამაზე რეაგირება ექნებათ. 

"ასანქცირებენ 4 მილიონ ქართველს, შესაბამისად, 5 აგვისტო იქნება, 7 აგვისტო, 31 აგვისტო იქნება თუ 27 სექტემბერი იქნება, არავინ არ ვიცით. მე ბედნიერი ვიქნები, რომ ხვალვე არ იყოს "ქართული ოცნება" და ნებისმიერ დროს არსებობს ამის ალბათობა.

რა გგონიათ, ვიზალიბერალიზაცია რომ შეწყდება, ეს ხალხი მე დამელოდება, რომ ქუჩაში გავიდეს?! ამიტომ, "ქართულმა ოცნებამ" იზრუნოს და შეასრულოს ის ვალდებულებები, თუ არ უნდა ქუჩაში გამოვარდნილი ქართველი ხალხის ნახვა. მხოლოდ საგარეო ფრონტზე ჩვენ ორიენტირებულები არ ვიქნებით. ქვეყნის შიგნით თუ არ ადუღდა, არ იქნება მოკლევადიანი ბრძოლა", - განაცხადა ლევან სანიკიძემ. 

რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიის წევრების პოზიციას ამ საკითხზე, გიორგი ჭანტურიას შეფასებით, ისინი რევოლუციონერები არ არიან და ქუჩის გზა მათი გზა არასდროს ყოფილა. 

დღის ამბები