ზღვის ფსკერის გეოფიზიკური, გეოლოგიური და საინჟინრო კვლევები, სანავიგაციო სიმულაციები, ტალღმტეხის მოდელირება, საბაზისო პროექტის შექმნა და ექსპერტიზა, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის განახლება - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ეს მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ახლა უშუალოდ აკვატორიის ფსკერის დაღრმავების და ტალღისმჭრელის მოწყობის სამუშაოები იწყება.
ტერიტორიაზე დასრულებულია ბეტონის ჯვარედინა ფორმის ბლოკების საწარმოო პოლიგონების და ინერტული მასალის სასაწყობე სივრცის მოწყობა. დაახლოებით ორი თვეა, "იქს ბლოკებს" ადგილზე აწარმოებენ, რომლებიც ტალღმტეხელის მშენებლობისას სხვადასხვა სექციებში გადანაწილდება.
პორტის მშენებლობის პროცესში, დროებითი ნავსადგომიც მოეწყობა. უკვე გადაწყვეტილია, 120- და 90-ტონიანი სპეციალიზებული ექსკავატორების შემოყვანა. ოქტომბრის შუა პერიოდში, სამშენებლო ტერიტორიაზე იქნება ე.წ. "მიწახაპია" გემიც. სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპი იმაზე ადრე დაიწყება, ვიდრე ეს თავდაპირველი გეგმით
იყო გათვალისწინებული.
პირველი ღრმაწყლოვანი ნავსადგური, როგორც ქვეყნის სავიზიტო ბარათი - პორტი, რომელიც ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს დააკავშირებს. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ პორტი მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება კი შუა დერეფნის ქვეყნების კონკურენტიანობის აამაღლებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებს, მსხვილი ბელგიური კომპანია იან დე ნული ახორციელებს. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერია წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარი.