23 აგვისტო 2026,   20:22
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილის განცხადება - ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარის გამოსვლამ მმართველ გუნდს გაუმყარა ეჭვები, რომ ის სპეცსამსახურებთან და "ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებთან აქტიურად თანამშრომლობდა

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, უსაფრთხოების გარანტიები არა პრემიერ-მინისტრისგან ან უმრავლესობის ლიდერისგან, არამედ "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნებისგან მიიღოს.

ხაბეიშვილის ამ განცხადებამ სახელისუფლებო გუნდს კიდევ უფრო გაუმყარა ეჭვები, რომ სააკაშვილის გარემოცვის წევრი სპეცსამსახურებთან და "ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებთან აქტიურად თანამშრომლობდა და სწორედ ამიტომ გააკეთა აღნიშნული განცხადება.

საუბარია მმართველი გუნდის ყოფილ წევრებზე, რომელთა მიმართ კორუფციულ გარიგებებზე ბევრი კითხვა არსებობს. "ნაციონალური მოძრაობა" თავის ყოფილ ლიდერს იცავს, "ქართული ოცნებისთვის" კი ლევან ხაბეიშვილი კოდური სახელწოდების ქვეშ მოქმედი პირია, რომელიც ახლა ცდილობს საკუთარი წარსული კოლეგა ოპოზიციონერებს დაუმალოს.

სახელისუფლებო გუნდი ლევან ხაბეიშვილის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ შეთავაზებას აღიარებად მიიჩნევს. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ნაცვლად, საქმეზე საუბარი, სავარაუდოდ "ოცნების" გუნდის ყოფილ წევრებთან ურჩია. ხაბეიშვილის აზრით, ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია. მმართველ პარტიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გამოსვლა იმის მტკიცებულებაა, რომ ის სპეციალურ სამსახურებთან წლების განმავლობაში იყო დაკავშირებული და დღემდე შესაბამის დავალებებს ასრულებს.

ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ფარული ინფორმაციის მატარებელ პოლიტიკოსად პოზიციონირებას, "TV პირველის" ეთერში, ოქტომბრის არჩევნებამდე ხელისუფლების საპროტესტო გზით ცვლილების გეგმაზე ისაუბრა. ხაბეიშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილისთვის უსაფრთხოების გარანტი, ამ პროცესში, მხოლოდ "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებთან საუბარი შეიძლება გახდეს.

ლევან ხაბეიშვილის აქტიურობის მიზეზზე დეტალურად პრემიერ-მინისტრმა დაახლოებით ორი კვირის წინ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ხაბეიშვილის სახელფასო უწყისიდან მისი კოდური მეტსახელიც დაასახელა. თქვა, რომ პოლიტიკოსი წლების განმავლობაში, იმ ძალებიდან ფინანსდებოდა, რომლებთანაც დღეს კორუფციასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

ბრალდებაზე კონკრეტული პასუხის გაცემას ლევან ხაბეიშვილი ამ დრომდე თავს არიდებს. ვის გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილისთვის სალაპარაკოდ საინტერესო სუბიექტებში - "ნაციონალური მოძრაობის" ექს-თავმჯდომარეს დღეს არ დაუკონკრეტებია. მისი თანაგუნდელები კი, აქცენტს, ხაბეიშვილის ნაცვლად, სახელისუფლებო გუნდში დაპირისპირებაზე აკეთებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დუმილი და ბიძინა ივანიშვილისადმი გაკეთებული შეთავაზება საპარლამენტო უმრავლესობისთვის ხაბეიშვილის საეჭვო კავშირებს ადასტურებს. კანონმდებლების აზრით, პოლიტიკოსი დამოუკიდებლად არ მოქმედებს და სავარაუდოდ, მათ სურვილებს აჟღერებს, ვისთანაც წლებია კავშირზეა.

გასცემს თუ არა კონკრეტულ პასუხს ირაკლი კობახიძის ბრალდებას ლევან ხაბეიშვილი უცნობია. პოლიტიკოსი, რომლის სავარაუდო კონფიდენტობაზე პრემიერ-მინისტრი ღიად საუბრობს, კვლავ რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლას აანონსებს.

დღის ამბები