22 აგვისტო 2026,   03:02
ვრცლად
"გორბის" ახალი კვლევის შედეგები - არჩევნებს მოსახლეობის 63% ნდობას უცხადებს

პოლიტიკა, ეკონომიკა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა - "გორბის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, სახელისუფლებო გუნდისთვის მორიგი მტკიცებულებაა, რომ "ქართული ოცნება" უპირობო ლიდერობას ინარჩუნებს. პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოკითხული 2 300 ადამიანიდან, 63% მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული იქნება. სახელისუფლებო გუნდის რეიტინგი საპარლამენტო არჩევნებიდან 9 თვის შემდეგ, რომ უფრო მეტად გაზრდილია- აქცენტს პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს.

22 ივნისიდან-5 ივლისამდე, გამოკითხული მოქალაქეების 56%-ზე მეტი ამბობს, რომ ამ კვირაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემს. მეორე და მესამე ადგილს 10%-ით, "ძლიერი საქართველო" და გახარიას პარტია იკავებენ. მომდევნო ორ პოზიციას კი მელია-გვარამიას გუნდი 9%-ით და "ნაციონალური მოძრაობა" 7%-იანი მხარდაჭერით ინაწილებენ. შედეგებს არ ენდობა ოპოზიცია.

ოპონენტებს დღეს მმართველი პარტიიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მათი რეიტინგის შემცირება უცხოური დაკვეთების შესრულებამ და მუდმივმა ბოიკოტმა განაპირობა. თავად "ქართული ოცნება" კი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სახელისუფლებო პარტიას, რომელიც გამოწვევების ფონზე ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას ატარებს, ალტერნატივა არ გააჩნია.

"გორბის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, მაღალია ნდობა ჯარის, პოლიციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტისა და სასამართლო სისტემის მიმართ. გამოკითხული მოქალაქეების 62%-იანი მხარდაჭერა, პარლამენტის სპიკერის თქმით, კიდევ ერთი დასტურია, რომ საზოგადოება პარლამენტის რეფორმების მხარდამჭერია. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მეორე სტატუსში წერს, რომ ეს შედეგი ბრიუსელისთვის მორიგი შეხსენებაა, რომ პატივი უნდა სცეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, ხალხის ნებას და ხალხის მანდატით მიღებულ კანონმდებლობას.

დღის ამბები