23 ივნისი 2026,   07:07
ვრცლად
"კომისია დათანხმდა ასიმეტრიულ პირობებს, რომელთაც საფრანგეთი, თუ ის პატრიოტული ხელისუფლებით იმართებოდა, არასდროს მიიღებდა" - ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირისა და აშშ-ის შეთანხმებას აკრიტიკებენ

ამერიკამ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. დონალდ ტრამპი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთმანეთს შოტლანდიაში შეხვდნენ. მოლაპარაკება შედგა - დოკუმენტის მიხედვით, შტატებში ევროპული საქონლის იმპორტზე 15-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება.

შეთანხმების ძირითადი პუნქტები ასეთია: ევროკავშირი შეიძენს შტატებიდან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს, ასევე ევროკავშირი შტატებში დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს.

მხარეები გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, თუმცა ევროპელი პოლიტიკოსები შეთანხმებას უკვე აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, დოკუმენტი ევროპისთვის და მისი ეკონომიკისთვის კაბალურია.

"ევროკავშირისა და აშშ-ის შეთანხმება სკანდალურია, კატასტროფული, ამერიკის მხრიდან არ არის არცერთი დათმობა. მოლაპარაკებები ძალიან სუსტად წარიმართა", - წერს ევროპარლამენტარი გაი ვერჰოფშტადტი. 

საკითხს გამოეხმაურა ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი.

"ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ დონალდ ტრამპთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება წარმოადგენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მორალურ ფიასკოს.

სავაჭრო საკითხებში სუვერენიტეტს მნიშვნელობა არ აქვს, ის იკარგება, ამ შემთხვევაში კი სულ არ არსებობს ბრიუსელის ბიუროკრატიის სიმძიმის ქვეშ.

კომისია დათანხმდა ასიმეტრიულ პირობებს, რომელთაც საფრანგეთი, თუ ის პატრიოტული ხელისუფლებით იმართებოდა, არასდროს მიიღებდა. ყოველწლიურად ასეულობით მილიარდი ევროს ღირებულების გაზისა და შეიარაღების იმპორტი აშშ-დან სავალდებულო ხდება. ეს ფრანგული ინდუსტრიის, ისევე როგორც ჩვენი ენერგეტიკული და სამხედრო სუვერენიტეტის ღია კაპიტულაციაა.

და ბოლოს, მორალური ფიასკო, კიდევ ერთხელ შეეწირნენ ფრანგი ფერმერები გერმანული ინდუსტრიების სამსხვერპლოზე, პუნქტებით, გვაიძულებენ, კიდევ უფრო გავხსნათ ერთიანი ბაზარი ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის გერმანული ავტომობილების ექსპორტზე დაბალი გადასახადების სანაცვლოდ", - წერს მარინ ლე პენი. 

დღის ამბები