"ძალიან ვწუხვარ, როცა ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში იქცევა არა პარტნიორულად, არამედ მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით, ყველაფერს არქმევს რუსულს", - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გავრცელებულ ტექსტთან დაკავშირებით განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, მათთვის მარტივი ინსტრუმენტია, რომ ყველაფერს რუსული უწოდონ.
"ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს - ფაქტები, უსამართლო რეზოლუციები, სანქციებში საქართველოს ჩართვის იძულება, ქუჩაში აურზაურის წახალისება, მიხელი სააკაშვილის დემოკრატიის შუქურად გამოცხადება და მისი თითქოსდა წამების ლეგიტიმაცია, ელჩების ჩართულობით, მარშები, დემარშები და ა.შ.
გვახსოვს, ISFED-ის, რომელიც დაფინანსებულია დასავლეთიდან, მათ მიერ არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობა. აქტიური მცდელობა იყო, გაეხლიჩათ საზოგადოება. როცა სასურველი შედეგი ვერ მიიღეს ბოლო არჩევნებში, სადაც პაველ ჰერჩინსკი უშუალოდ ერეოდა და მოუწოდებდა, რომ მათთვის სასურველი შედეგი დაეყენებინათ ამომრჩევლებს, შემდეგ დაემუქრნენ, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო.
ძალიან ვწუხვარ, როცა ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში იქცევა არა პარტნიორულად, არამედ მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით, ყველაფერს არქმევს რუსულს. ეს არის თითქოსდა მარტივი ინსტრუმენტი, რომ ყველაფერი გადაფარონ და ყველაფერს დაარქვან რუსული.
გამჭვირვალობის კანონის რუსულად მონათვლის შემდეგ, როცა პასუხი არ მოიძებნა, რატომ იყო ეს რუსული, შემდეგ მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს, კითხვაზე, რატომ იყო ეს კანონი რუსული, მათ უპასუხეს, რომ - იმიტომ", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.