23 აგვისტო 2026,   12:55
ვრცლად
"ვერ გადავიხდი, ქირის საშუალება არ მაქვს, ამიტომ შემოვედი აქ" - თვალჭრელიძის ქუჩაზე მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შემდეგ ოთხი ადამიანი დააკავეს

თვალჭრელიძის ქუჩაზე მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შედეგად, ოთხი ადამიანი დააკავეს. გამოსახლების პროცესი ვარკეთილში დილიდან მიმდინარეობს.

თვალჭრელიძის პირველ ნომერში 150-მდე ოჯახი ცხოვრობს. სახელმწიფო უწყებები აცხადებენ, რომ აქ სიცოცხლისთვის საშიში გარემოა და არსებობს სამხარაულის დასკვნაც, რომლის მიხედვით შენობას დაზიანების მეოთხე ხარისხი აქვს.

ცნობილია, რომ გამოსახლების თაობაზე სასამართლოს შენობის მეპატრონემ, "ბლექ სი ფროფერთიმ" მიმართა. კომპანიის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.

ბინაში მცხოვრები ერთ-ერთი პირის განცხადებით, მათ ქირის გადახდას რამდენიმე თვით სთავაზობენ, შემდეგ კი არ იცის გაგრძელდება თუ არა საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

მისივე თქმით, ის ქირის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს და ავარიულ შენობაში სწორედ ამიტომ რჩება.

"ქუჩა-ქუჩა დავდიოდი, ვნახე, რომ იყო შენობა, შევედი, თავი შევაფარე. აღმოჩნდა, რომ მეპატრონე ჰყავდა. მეტი გზა არ მქონდა, სად წავსულიყავი?! მითხრეს გასვლა, ერთი-ორი თვითო, მერე არ ვიცითო - ვერ გადავიხდი, ქირის საშუალება არ მაქვს, ამიტომ შემოვედი აქ", - აცხადებს მობინადრე.

მაცხოვრებლების ნაწილი კი, კრედიტორის შეთავაზებაზე თანახმაა.

"მივიღეთ კრედიტორისგან ეს დახმარება, რომ რაღაცით, მიზერულით, რასაც შეძლებს კრედიტორი გაგვიწევს დახმარებას. მგონი, თანახმა ვიქნებით, კეთილი ნებაა მისი და რითაც დაგვეხმარება მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მაცხოვრებელმა.

აღსრულების პოლიციის წარმომადგენლის, ჯემალ ზურაშვილის თქმით, მიმდინარეობს მოსახლეობასთან მოლაპარაკება, რათა არცერთი მათგანი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ.

"ადამიანების ნაწილთან განხორციელდა მოლაპარაკებები, მიიღეს გარკვეული სახის შეთავაზება. დანარჩენთან ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება. აღსრულების ბიურო ჩართულია მოლაპარაკებებში. ჩვენი და სახელმწიფოს სხვა უწყებების სურვილია, რომ არცერთი მათგანი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ.

ყველას მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ და დაემორჩილონ აღმასრულებლის ან პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას. პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს ლოჯისტიკის სამსახურია ჩართული და ჩვენ თავად ვუზრუნველვყოფთ ხალხის მოძრავი ნივთების გადატანას იმ ფართებში, სადაც მოლაპარაკებების შედეგად განისაზღვრება ესა თუ ის ფართი", - განაცხადა ჯემალ ზურაშვილმა.

დღის ამბები