"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და "ოჯახური ღირებულებების დაცვის" შესახებ კანონები იმ შინაარსის არ არის, რომ მათი მოქმედება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ბარიერი იყო. სახელისუფლებო ძალაში აცხადებენ, რომ კანონების გაუქმებისკენ მოწოდება "ქართულ ოცნებაზე" შანტაჟის მცდელობაა.
უვიზო მიმოსვლა რომ კანონთან დაკავშირებული არაა, ამაზე გაამახვილეს ყურადღება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა და მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ მნიშვნელოვან საკითხზე იუმორით საუბარი ტენდენციად იქცა, მიზანი კი საზოგადოების განწყობაზე ზეგავლენის მოხდენაა.
ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ ყველა კანონი ევროპულ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ ევროპელი პარტნიორები ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვენ, არასწორია და ბრიუსელის გზავნილი სულ სხვაა.
მმართველ ძალაში აცხადებენ, რომ თუ ევროპელი ბიუროკრატები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას შეაჩერებენ, ეს უსამართლო გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ქართველი ხალხის დასჯისკენ იქნება მიმართული. "ღამის კურიერის" ეთერში ამ თემაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძის თქმით, სიახლე არ არის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პარტნიორები ხშირად ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ.
"ქართული ოცნება" ევროპელი პოლიტიკოსებისგან სამართლიანობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას ითხოვს. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო მინისტრების ფორმატში მსჯელობაც შედგა, თუმცა გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული.