20 ივნისი 2026,   16:53
ვრცლად
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა - შემოწირულობებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ამერიკული ლობისტური კომპანია - "ნელსონ მალინსი" (Nelson Mullins Riley & Scarborough, LLP) - დაიქირავა. ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს. 

11 ივლისით დათარიღებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანიას "ნაციონალურმა მოძრაობამ" 360,000 აშშ დოლარი გადაუხადა, რომელიც ლობისტების 6 თვის საქმიანობის ღირებულებას შეადგენს. 

Unity National Movement - რეგისტრაციაში "ნაციონალური მოძრაობა" ახალი დასახელებით გვხვდება და არა, როგორც - United National Movement.

"ნელსონ მალინსის" სათავო ოფისი სამხრეთ კაროლინის შტატში, ქალაქ კოლუმბიაში მდებარეობს.

წლების განმავლობაში, ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს ორივე პარტიის კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს (Donations to PAC), მათ შორისაა სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი ჯო უილსონი. ღია წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ უილსონის კამპანიისთვის ლობისტურ კომპანიას ჯამში 87,500 აშშ დოლარი აქვს შეწირული (ბოლო 20 წლის განმავლობაში). 2024 წლის კონგრესის არჩევნებისთვის კი ნელსონ მალინსმა პოლიტიკურ კამპანიას 10,000 აშშ დოლარი შესწირა.

კომპანიის მიერ დაფინანსებულ კანდიდატებს შორისაა სამხრეთ კაროლინელი სენატორი ლინდსი გრემიც, რომლის 2024 წლის კამპანიასაც ნელსონ მალინსმა ჯამში 35,000 აშშ დოლარი შესწირა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური შემოწირულობები ხორციელდება არა მხოლოდ აღნიშნული კომპანიის სახელით, არამედ მასში დასაქმებული პირების სახელითაც, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ლობისტებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" გადახდილი თანხა კონგრესმენ ჯო უილსონის კამპანიას მოხმარდება, რის სანაცვლოდაც კონგრესმენი განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს შესახებ და ხელს შეუწყობს "მეგობარი აქტის" მიღების პროცესს.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ლობისტური კომპანია იქნება "ნაციონალური მოძრაობის" დიპლომატიური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატების სამთავრობო უწყებებთან და ასევე დაეხმარება პოლიტიკურ პარტიას უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში. საინტერესოა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ არ გეგმავს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ აქტიურად აპირებს აშშ-ში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ლობირებას.

დღის ამბები