22 აგვისტო 2026,   08:34
ვრცლად
არის ცარიელი სპეკულაცია, ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის - ირაკლი კობახიძე

"ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპის დამატებით გაუმჯობესებაზე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციას აქვს ერთი მინუსი და ეს მიგრაციის წახალისებაა, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება კი ეკონომიკური განვითარების ფაქტორთან კავშირში არ არის.

"რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, აქაც არის უამრავი სპეკულაციები. აბსოლუტურად არანაირი გავლენა არ აქვს ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკის ზრდასთან. აქ საუბარი არის ერთადერთ რამეზე, ვიზის რიგში ჩადგები თუ არ ჩადგები.

დიდ ბრიტანეთში ვიზის რიგში დგებიან ჩვენი მოქალაქეები, ტექნიკური საკითხია, რა თქმა უნდა დისკომფორტია, მაგრამ ვიზას აიღებ და მიდიხარ დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ანალოგიურად დგები ვიზის რიგში, მიიღებ-არ მიიღებ, შესაბამისად წახვალ ან არ წახვალ ამ ქვეყანაში. მაგრამ, ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე არ აისახება.

ერთი მინუსი რაც აქვს ვიზალიბერალიზაციას, ეს არის, რა თქმა უნდა, მიგრაციის წახალისება და ეს გამოჩნდა იგივე ლიეტუვას და ლატვიის მაგალითზე, როცა ევროკავშირის წევრი გახდა უკვე ლიეტუვა და მოიხსნა ეს სავიზო რეჟიმი, ასევე ლატვია, ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში 600 000-ით შემცირდა მოსახლეობა და მეორე ქვეყანაში, ლატვიაში 400 000-ით.

რატომ? იმიტომ, რომ სხვაობა არის ჯერ კიდევ საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, სადაც არის მეტი ეკონომიკა, იქით წარიმართება მიგრაციული პროცესები. ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ამის წამახლისებელია.

ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად, გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპის დამატებით გაუმჯობესებაზე. აქედან გამომდინარე, არის ცარიელი სპეკულაცია, ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ უვიზოდ დადიან ჩვენი მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ, რა თქმა უნდა, რაციონალურ ფარგლებში. მაგრამ, ეს სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკური ზრდა, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი, ნებისმიერი ექსპერტი ამას დაადასტურებს", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები