22 აგვისტო 2026,   02:59
ვრცლად
მმართველი პარტია ევროპელი ბიუროკრატების ნაწილის გზავნილებს, საზოგადოებაში აჟიოტაჟის შეტანის, ხელისუფლების წინააღმდეგ კი შანტაჟის მორიგ მცდელობად აღიქვამს

საზოგადოებაში აჟიოტაჟის შემოტანის, ხელისუფლების წინააღმდეგ კი შანტაჟის მორიგ მცდელობად აღიქვამს მმართველი პარტია ევრობიუროკრატების ნაწილის გზავნილებს.

სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი ზეწოლის მექანიზმია, მიზანი კი ხელისუფლების ცვლილება. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ საქართველოს ომში ჩართვას "დიფ სთეითი" ახლა უკვე ევროპელი ბიუროკრატების ხელით ცდილობს. დროთა განმავლობაში კი საფრთხე არათუ განეიტრალდება, არამედ გამძაფრდება.

ოპოზიცია ბრიუსელის ქმედებებში შანტაჟს გამორიცხავს. ამბობენ, რომ ომის საფრთხე არ არსებობს და ამტკიცებენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში ხელისუფლების შეცვლის სურვილით არ მოქმედებენ.

მმართველი პარტია ოპონენტებს საქართველოს წინაშე არსებული რეალური საფრთხეების გააზრებისკენ მოუწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, წლებია ქვეყანა კონკრეტულ გამოწვევებს უმკლავდება, დაინტერესებული პირები კი ქვეყნის შიგნით არსებული ძალების დახმარებით დესტაბილიზაციას ცდილობენ.

საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და ევრობიუროკრატების პოლიტიკურ ინტერესებზე განცხადება პოლიტსაბჭოს სახელით პრემიერ მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო დამოკიდებულება უკრაინაში ომის შემდეგ დაიწყო. ქვეყნის ომში ჩართვაზე უარმა კი ხელისუფლების შეცვლის ინტერესი გამოიწვია. მიზნის მისაღწევად გლობალური ომის პარტია, არაერთ უსაფუძვლო და უსამართლო გადაწყვეტილებას იღებს.

დღის ამბები