23 აგვისტო 2026,   14:52
ვრცლად
"მას აქვს თავისი პოლიტიკური გზა და თუ გადაწყვეტა, რომ ეს ეფექტური გზაა, სადაც ის იქნება ყველაზედ მეტად წარმატებული რეჟიმთან ბრძოლაში, ეს მისი გადაწყვეტილებაა" - გიორგი სიორიძე გახარიაზე

აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას გიორგი გახარია, - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა ბრიუსელში ყოფნის დროს განაცხადა, რომ იბრძოლებს იქ, სადაც ეს ყველაზე შედეგიანი იქნება, თუმცა გახარია ამბობს, რომ მისი ყოფნა ყველაზე ეფექტური ბრიუსელშია.

გახარიას განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, გახარია ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას.

"ძალიან სწორად თქვა გიორგი გახარიამ, რაც თქვა - სადაც იქნება ეფექტური, იქიდან იბრძოლებს. დღეს, ამ შემთხვევაში, ის არის ეფექტური ევროპაში და ამას, რა თქმა უნდა, "ოცნება" გაქცევას დაუძახებს.

რაში აინტერესებთ, როდის დაბრუნდება, ვისგან გაქცევაზე ვსაუბრობთ საერთოდ, ნუ ინერვიულებენ, როცა გადაწყვეტს, მაშინ ჩამოვა.

ჩამოვა თუ არ ჩამოვა, საქართველოდან იბრძოლებს თუ ევროპიდან იბრძოლებს, ნებისმიერ შემთხვევაში მისი მთავარი მიზანი იქნება ქართველი ხალხის ინტერესების და უფლებების დაცვა", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, გიორგი გახარიას აქვს თავის პოლიტიკური გზა, ხოლო ისინი კი ბრძოლას საქართველოდან გააგრძელებენ.

"მას აქვს თავის პოლიტიკური გზა, თუ მან გადაწყვეტა, რომ ეს არის ეფექტური გზა, სადაც ის იქნება ყველაზედ მეტად წარმატებული რეჟიმთან ბრძოლაში, ეს მისი გადაწყვეტილება. ყველა პოლიტიკური ლიდერი თავის გზას თვითონ ირჩევს. პოლიტიკური პარტიები ფუნქციონირებს, ჩვენ ვართ ადგილზე და გავაფორმეთ კიდეც მემორანდუმი, ვართ გუნდებით წარმოდგენილი. შესაბამისად, ჩვენ ჩვენ ბრძოლას აქ გავმართავთ", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

დღის ამბები