24 აგვისტო 2026,   12:05
ვრცლად
"ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით ელჩებს, თემა მაქსიმალურად დავტოვოთ სამუშაო ფორმატში და ზედმეტი პოლიტიკის შემოტანით ნუ დავაზიანებთ საკითხს" - ლევან მახაშვილი ვიზალიბერალიზაციის შესახებ

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში, საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებას პასუხობს, სადაც პიტერ ფიშერი ამბობს, რომ "არსებობს კანონები, რომლებიც მიღებულია და რომლებიც ზღუდავენ სამოქალაქო საზოგადოებას და არ შეესაბამება უვიზო რეჟიმის მოთხოვნებს."

"ღამის კურიერის" წამყვანის კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ მოტივით მოხდეს ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა? - მახაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი არის "ბოლო ტყვია მჭიდში", რაც შეიძლება გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის.

ამასთან, ლევან მახაშვილი, ელჩებს მოუწოდებს, რომ საკითხი მაქსიმალურად დარჩეს სამუშაო ფორმატში და არ დაზიანდეს ზედმეტი პოლიტიკის შემოტანით.

"ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ უცხოელი ელჩების არაერთი ჩარევა პროცესებში. რაც ხდებოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, იყო საქმიანი პროცესის ზედმეტი პოლიტიზება. თუ გერმანიის ელჩს აქვს ამის ინტერესი, ჩვენ დიდი სიამოვნებით, ოჯახური ღირებულებების კანონი იქნება თუ გამჭვირვალობის კანონი, მზად ვართ დავსხდეთ ნებისმიერ ფორმატში და ვისაუბროთ, რომელი კანონი არღვევს არასამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს, რომელი კანონი არღვევს სხვა საკითხებს. ამიტომ, ეს არის ზედმეტი მანიპულაცია ძალიან სენსიტიური საკითხის. ფაქტობრივად, ბოლო ტყვიაა დარჩენილი მჭიდში, რაც შეიძლება გამოიყენონ ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის. ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით ელჩებს, მათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გააჩნიათ, თემა მაქსიმალურად დავტოვოთ სამუშაო ფორმატში და ზედმეტი პოლიტიკის შემოტანით, ნუ დავაზიანებთ საკითხს," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები