23 აგვისტო 2026,   15:33
ვრცლად
წერილი ბრიუსელიდან ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების სანაცვლოდ და კონკრეტული პირობებით - "ქართული ოცნების" განცხადებით, ვიზალიბერალიზაციას საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად იყენებენ

8 პუნქტიანი წერილი ბრიუსელიდან თბილისში ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების სანაცვლოდ, კონკრეტული პირობებით გამოიგზავნა. მათ შორისაა შეკრებისა და გამოხატვის უფლების უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვა, ლგბტქ პირთა უფლებების სრულად დაცვა, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის მიღება და უკვე მიღებული კანონების გაუქმება - კიდევ ერთი მოთხოვნაა სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის ნუსხასთან, ვიზის საჭიროების მქონე მესამე ქვეყნების შესახებ.

სახელისუფლებო გუნდი, ვიზალიბერალიზაციასა და კონკრეტულ კანონებს შორის ლოგიკურ კავშირს ვერ ხედავს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უსაფუძვლოა მითითებაც კორუფციასთან ბრძოლაზე მაშინ, როდესაც საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანასთან, მათ შორის, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ამ მხრივ მოწინავე პოზიციაზეა. კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც უმრავლესობის შეფასებით, ევრობიუროკრატები პოლიტიკური დასჯის ტექნიკურად გამართლებას ცდილობენ, სავიზო პოლიტიკის შენგენის ზონასთან დაახლოებაა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ პირობის შესრულება მეზობელ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის დაწესებას ნიშნავს, რასაც შედეგად პოლიტიკური ურთიერთობებისა და ქვეყნის ეკონომიკის დაზიანება მოჰყვება.

ხელისუფლების ოპონენტები დილიდან წერილის გასაჯაროებას ითხოვდნენ და ამტკიცებდნენ, რომ დოკუმენტის მიხედვით, ბრიუსელი ხელისუფლებას ოპოზიციონერი ლიდერებისა და პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდა. კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულებულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალს, ოპოზიციური პარტიები დღეს სპეციალური ბრიფინგებით გამოეხმაურნენ.

"ქართული ოცნების" განცხადებით, ვიზალიბერალიზაციას ევრობიუროკრატები საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად იყენებენ. უმრავლესობის თქმით, ამას ადასტურებს ის აბსურდული მოთხოვნებიც, რომელსაც ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილი ითვალისწინებს.

წერილი უვიზო რეჟიმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშის სულისკვეთებას იმეორებს. კაია კალასის თქმით, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, ამას კონკრეტული შედეგი მოჰყვება, თუმცა შეხვედრა, სადაც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე მსჯელობდნენ, სწორედ შედეგის გარეშე დასრულდა.

დღის ამბები