ოპოზიციისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა წყალგამყოფად რჩება - მწვავე დაპირისპირების ფონზე, "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ციხიდან ისევ ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს. ხაზარაძე წერილში წერს, რომ პარტიებმა პირადი ინტერესები უკან უნდა გადაწიონ და ერთობლივად ბრძოლაზე იფიქრონ, ამის დასტურად კი მისი და გიორგი გახარიას გუნდებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს ასახელებს.
საჯარო მიმართვები არ ცვლის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მიდგომებს. ვისაც მამუკა ხაზარაძე გაერთიანებისკენ მოუწოდებს, ისინი "ლელოს" ისევ ღალატსა და ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ.
"ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის, რაც გახარიას ნაწილში სრულიად მოსალოდნელია, იმიტომ, რომ ის უბრალოდ უბრუნდება თავის ბუნებრივ წიაღს, ხოლო "ლელოს" შემთხვევაში, ნამდვილად, ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე ამ პოლიტიკურ ძალას გამოუცხადა ნდობა, იყო ძალიან დიდი იმედგაცრუება," - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის "ლელო-ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" შორის თანამშრომლობაზე შეთანხმებას აფასებენ "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლებიც. თენგიზ თევზაძის განცხადებით, ეს პარტიები კონკურენციის იმიტაციას ქმნიან. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო, მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.
რაც შეეხება თავად "ლელო-ძლიერი საქართველოს" პოზიციას, პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ოპოზიციის ოპოზიცია არ იქნებიან.
"ამ ბრძოლაში შესვლა, რომელიც გულისხმობს ამ დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობას, არის ერთ-ერთი დამატებითი გზა მიზნის მისაღწევად. მიდის სამუშაო პროცესი, მათ შორის, კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, მე ვერავის კანდიდატურას ვერ დაგიდასტურებთ. "ლელო" ოპოზიციის ოპოზიცია არ იქნება," - აღნიშნა "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ.