22 აგვისტო 2026,   08:33
ვრცლად
ლევან მახაშვილი უვიზო მიმოსვლაზე: ჩვენი ღრმა რწმენით, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ამ თემის კულტივირებას ახდენენ და ცდილობენ, ეს თემა პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად გამოიყენონ

შანტაჟი უვიზო მიმოსვლის შეჩერებით - ასე აფასებს მმართველი გუნდი ბრიუსელის გზავნილებს. ბელგიაში ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს საკითხიც უნდა განიხილონ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს თემაზე მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს ხშირად იყენებენ პოლიტიკურ იარაღად საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ამ საკითხს საფრთხე არ ემუქრება.

"ჩვენი ღრმა რწმენით, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ამ თემის კულტივირებას ახდენენ და ცდილობენ ეს თემა პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად გამოიყენონ. მაგრამ, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს. რაც შეეხება წერილს, რომელიც აღნიშნა კაია კალასმა, სავარაუდოდ, აქ ახალი არაფერი არ არის, სავარაუდოდ, აქ არის საუბარი იმაზე, რა დასკვნაც ევროკომისიამ წინა წლის დეკემბერში გამოაქვეყნა და ეხებოდა ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშს. იქ მაშინ იყო აღნიშნული რამდენიმე საკითხი, რაც საქართველოს უნდა გაეკეთებინა. პირველი, ეს იყო გამჭვირვალობის კანონის გაუქმება, ასევე იყო "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" კანონის გაუქმება. სავარაუდოდ, ამ საკითხებზე იქნება გამახვილებული ამ წერილში ყურადღება. ვნახოთ, მოვა ეს წერილი, ვნახავთ, შევისწავლით და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

 

დღის ამბები