სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი სამეგრელოში იმყოფებოდა. როგორ მიმდინარეობს სამეგრელოში თაფლის, მოცვისა და თხილის მოყვანა-გადამუშავება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი პროცესს ადგილზე გაეცნო. დავით სონღულაშვილი მუხურში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის სანაშენე ბაზაზე იმყოფებოდა. მინისტრი მეფუტკრე-ფერმერებს შეხვდა და მათთან ერთად არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა.
მინისტრი მუხურიდან, სოფელ ზედა ეწერში ჩავიდა, სადაც ლურჯი მოცვის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო. კომპანია "ჯენტრი ინვესტმენტი" მოცვის ბაღსა და საწარმოს აერთიანებს, რომელიც წელს დაახლოებით 350 ტონა მოცვს გადაამუშავებს. საწარმოში, სადაც მუდმივად 30, სეზონურად კი 400 ადამიანია დასაქმებული, ექსპორტს ოთხ ქვეყანაში ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი სამეგრელოში მეთხილე ფერმერებსაც შეხვდა. შეხვედრა სოფელ რიყეში ფერმერ გიორგი ზაქარაიას თხილის პლანტაციაში შედგა, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია.
სახელმწიფოს მიერ თხილის პირველადი წარმოების განვითარების მიმართულებით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი - 41 მლნ ლარს აღემატება. სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, თხილის წარმოება 18%-ით გაიზარდა.