22 აგვისტო 2026,   02:35
ვრცლად
ატმის ხელოვნურად დამწიფება საღებავის გამოყენებით თუ ხუმრობა, როგორც ამას ფერმერი ხსნის - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხილის ნიმუშები ექსპერტიზაზე გაგზავნა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში სარეალიზაციოდ გამზადებული ატმის ხელოვნურად დამწიფების პროცესია ასახული. ფერმერი ხილს საღებავს ასხამს. მეწარმის ადგილსამყოფელი დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა. ჩუმლაყში, ადგილზე იმყოფებოდა "კურიერის" გადამღები ჯგუფიც.

გიორგი უტიაშვილი, რომელიც სავარაუდო დანაშაულს ჩადის, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა დღეს გამოჰკითხეს. ფერმერი ამტკიცებდა, რომ ატამს ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება ხუმრობით დაასხა.

ფერმერისგან ატმის ნიმუში უკვე ამოღებულია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მეწარმის საცავში შენახული ხილი ლაბორატორიაში გადააგზავნა. ახლა უკვე შესაბამისი კვლევით დადგინდება, ჰქონდა თუ არა სისტემატური ხასიათი ხილის ხელოვნურად დამწიფების მცდელობას.

აღწევს თუ არა დაბინძურებული ატამი დახლებამდე, ამ ფაქტის გადასამოწმებლად "კურიერი" აგრარულ ბაზრებშიც მივიდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მსგავსი არცერთი შემთხვევა არ ჰქონიათ.

ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაბინძურებულ პროდუქტზე საუბრობენ ტოქსიკოლოგები. სპეციალისტები ამბობენ, რომ არასაკვებ საღებავში არსებული მძიმე მეტალების ორგანიზმში მოხვედრა, განსაკუთრებით მძიმე შედეგს მცირეწლოვან ბავშვებში იწვევს.

სურსათის ეროვნული სააგენტო საკვებ პროდუქტს რეგულარულად ამოწმებს. მათ შორის, აქტიურად ხდება როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მონიტორინგი და სერტიფიცირება.

დღის ამბები