22 აგვისტო 2026,   08:49
ვრცლად
"რომ ვხატავ, ყოველთვის ვიღიმი, იქნებ, ეს გადავიდეს ნამუშევრებში და ადამიანებმაც გაიცინონ" - მოგზაურობა ზურა გომელაურის ჯადოსნურ სამყაროში - იქ, სადაც სიკეთე, სითბო და სიყვარულია

მოგზაურობა ზურა გომელაურის ჯადოსნურ სამყაროში - იქ, სადაც სიკეთე, სითბო და სიყვარულია - ზურა გომელაური ის მხატვარია, რომლის ნამუშევარი მხოლოდ თვალით არ აღიქმება, ის გულში აღწევს. მისი ნახატების მიღმა, ყოველთვის არის რაღაც უფრო დიდი, ვიდრე ფორმები და ფერები - სიყვარული, სითბო და ბავშვური სისუფთავე.

ზურა გომელაურის ხელოვნებაში იგრძნობა უბრალო სიხარული, სინათლე და სიკეთის რწმენა. მხატვრობა მისთვის არ არის მხოლოდ პროფესია - ეს არის გზა ადამიანთან, სამყაროსთან, ღმერთთან ურთიერთობისთვის.

სწორედ ამიტომ, როცა ზურა გომელაურის ხელოვნებას ეცნობი, თითქოს ცოტა უკეთესი ხდები. ესაა შეხვედრა კეთილთან, ადამიანურთან და დაუვიწყარ განცდასთან.

1 ივლისიდან, ერთი კვირის განმავლობაში, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, დატკბეს გამორჩეული თანამედროვე მხატვრის ნამუშევრებით. ქართული თემატიკის საფუძვლებზე შექმნილი ნახატების მონახულებისთვის, დამთვალიერებელს კარს ხელოვნების სასახლე გაუღებს.

ხელოვნებასა და მისი ნამუშევრების შესახებ, თანამედროვე მხატვარი "რუსთავი 2-ს" ესაუბრა.

ვის და რას ეძღვნება დღევანდელი გამოფენა და რა იყო მისი შექმნის მთავარი მოტივატორი?

- ვფიქრობდი, რომ ახლა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, არ იყო დროული, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, პატარა გამოფენა გავაკეთო ზუსტად ქართული თემატიკის გათვალისწინებით. ასე ვმუშაობ მთელი ჩემი ცხოვრება. მოტივაცია არის მოვახერხო, რომ ჩვენი თანამოქალაქეები სულ ცოტა გავაღიმო, ან სინათლე შემოვიდეს მათში ჩემი ნამუშევრებიდან. რომ ვხატავ, ყოველთვის მე თვითონ ვიღიმი, გაცინებული ვხატავ და იქნებ, ეს გადავიდეს ნამუშევრებში და ადამიანებმაც გაიცინონ.

რას ნიშნავს თქვენთვის ხელოვნება?

- ხელოვნება ბევრ რამეს ნიშნავს. მთავარი რაც არის, ხელოვნება ყველაზე კარგად არის გამოხატული ტაძარში. იქ არის მხატვრობაც, გალობაც და არის ბრძნული სიტყვაც. ტაძარში რაც ხდება, ჩემთვის ხელოვნება ეს არის.   

დიდი ადგილი ეთმობა თქვენს ნამუშევრებში საეკლესიო თემატიკას, რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში ეკლესიას? როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მხატვრობა ღმერთისგან ბოძებული ნიჭი?

- ყველაფერი ღვთისგან არის. არაფერი საამაყო არავის არ აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი რაც გვაქვს - ნიჭიც, ოჯახიც, სამსახურიც, ყველაფერი ღმერთმა მოგვცა. ერთადერთი, შეგვიძლია კარგი საქმე გავაკეთოთ, რომ ვთქვათ კარგზე კარგი და ცუდზე ცუდი.

ქართული ორნამენტებისგან გაქვთ შექმნილი ულამაზესი ტილოები. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ცდილობთ თქვენს ნამუშევრებში სიმბოლოები ჩადოთ, ახლა თუ არის რაიმე სიმბოლო, რომელიც ნახატზე დაიტანეთ?

- აუცილებლად უნდა იყოს სიხარული, იქ არის თეთრი მტრედი, ასევე საბავშვო ბაღში ზეიმი, ადამიანები დავხატე ჯვრის თვალებით და ჯვრის პირით, ე.ი ისინი ფიქრობენ და საუბრობენ სწორად. ასევე, სიცოცხლის ხე, ოცნება, ქართული ხალიჩასავით გავაკეთე, ქართული ზღაპრებიდან, სიმბოლოებიდან, სიცოცხლის სიმბოლოები, ხარი, თევზი და სხვა მუდმივი მოძრაობის სიმბოლოები.

მეგობრების მიმართ ძლიერ სიყვარულზე ხშირად საუბრობთ ხოლმე, რას ნიშნავს თქვენთვის მეგობრობა და რა გავლენა აქვთ მათ თქვენს შემოქმედებაზე?

- მეგობრებს გავლენა როგორ არ აქვს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისეთი საოცარი რამ, რომ ახლა, ძალიან ცოტა მეგობარი მყავს. ახლახან ვთქვი ასეთი რაღაც, რომ ერთი ქრისტე ღმერთი დამრჩა და რამდენიმე ადამიანი. მაგრამ, საქართველო არის და საქართველო იქნება ძალიან ძლიერად. გადარჩება და ყველაფერი კარგად იქნება.

თქვენი ნამუშევრები ცნობილია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სად შეგხვედრიათ, ან გაგიგიათ თქვენი ნამუშევრის არსებობის შესახებ, რაც თქვენთვისაც მოულოდნელი იყო?

- როგორც ვიცი ალ პაჩინოს აქვს ჩემი ნამუშევარი, ასევე ცნობილ ფილმ "ბელა მაფიაში" თამაშობს ნასტასია კინსკი და მას ჩემი სამი ნამუშევარი აქვს. ამერიკაში ლუდვიგის გალერეაშია, არის ლოს-ანჯელესის სახელმწიფო გალერეაში, ციურიხში. მაგრამ, ერთი რამის ფიქრი მაქვს, ვერ გეტყვით რომ ვამაყობ. მაგრამ იმით მართლა ვამაყობ, როდესაც ჩვეულებრივ ჩემს თანამოქალაქეს აქვს ჩემი ნახატი. სხვა ვერაფრით ვერ ვიამაყებ.

ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ რომ, "რაც არ უნდა ხდებოდეს, მე ვერ ვიქნები ხატვის დროს ცუდ ხასიათზე, რადგან ვერ გავატან ადამიანს ცუდი ემოციებით ნახატს", დღეს, ამდენი ქარტეხილების მიუხედავად, იგივეა თქვენი განწყობა?

- არის ბევრი პრობლემა ჩვენს გარშემო, ბევრი რამ ხდება, მაგრამ ძალიან იმედიანად ვარ, იმიტომაც ვმუშაობ, იმედიანად ვარ მე დღევანდელ საქართველოში, ჩვენი სახელმწიფო ძლიერია, უნდა იყოს ძლიერი მარად და ყველაფერი იქნება კარგად. მადლიერი ვარ ჩემი სახელმწიფოსი, ჩემი მთავრობის და ჩემი ქვეყნის.

რა არის ის მთავარი ემოცია, რომელიც გინდათ რომ დამთვალიერებელს თქვენი ნახატების ნახვის შემდეგ გაუჩნდეს?

- პირველი არის სიკეთე, იყოს სიყვარული, ცუდი მოშორდეს. უნდა იყოს სიწყნარე და სიმშვიდე.

იმ გარემოში, რა გარემოშიც გვიწევს ყოფნა, ომები, სიღარიბე და ათასგვარი ქარტეხილი, რას უსურვებდით ადამიანებს და ზოგადად რა გრძნობების სიმრავლეს ისურვებდით ადამიანში?

- ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სიტყვები საქართველოში - განათლებული. ეს ნიშნავს გონების განათლებას. განათლებული არ ნიშნავს წიგნის კარადას. განათლებული ნიშნავს გონება ნათელს, ის ხედავს. შეიძლება არ წაუკითხავს ცნობილი ტექსტები, მაგრამ აქვს ნათელი გონება.

თქვენი ცხოვრება, თქვენი შვილიშვილის დაბადების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, ხომ არ აპირებთ რაიმე საბავშვო ხაზის დაწყებას და ცალკე გამოფენის მოწყობას სპეციალურად კირას თანატოლებისთვის?

- გავუკეთე თეატრი ჩემი ხელით და იქ გვაქვს სპექტაკლები. ჩემი მეუღლე არის მოქანდაკე, მაგრამ ასწავლის ძერწვას ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეაში და იქ დადის, გამოფენებში იღებს მონაწილეობას. ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ უკვე ჩართულია.

თუ არის რომელიმე ნამუშევარი, რომელთანაც განსაკუთრებული ემოცია გაკავშირებთ?

-ამასწინათ დავხატე წმინდა მარინე, რომელიც ეშმაკს სცემს, ძალიან მიყვარს ეს ნამუშევარი.

ხელოვნების სასახლის როლზე მინდა გკითხოთ, არაერთი მხატვრის გამოფენას უმასპინძლა, ეს დიდი ფუფუნებაა საზოგადოებისთვის, როგორ შეაფასებდით თქვენ?

-უდიდესი მადლიერი ვარ ბატონი გიორგი კალანდიასი, იმიტომ რომ თვითონ არის უბრძნესი და უსაყვარლესი, სამშობლოს დიდი მოამაგე ადამიანი. მადლიერ ვარ მისი.

 

დღის ამბები