ერთიან ეროვნულ საგამოცდო ცენტრებში, პირველი გამოცდა მიმდინარეობს. აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურას აბარებენ.
საგამოცდო პროცესს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ნინო წერეთელი.
გივი მიქანაძის განცხადებით, სრული მზაობაა, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საგამოცდო პროცესი უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს.
"საქართველოს მასშტაბით 39 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მინდა თითოეულს დიდი წარმატება ვუსურვო, ცოდნის გამოვლინების მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. სრული მზაობაა უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი.
დღევანდელი დღე არის კიდევ ერთხელ წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის გაძლიერების მომავლისათვის, რამე თუ ახალგაზრდები, რომლებმაც სულ რაღაც, ერთი თვის უკან ბოლო ზარით ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულეს, ახლა ისინი შეეცდებიან და გამოავლენენ თავის ცოდნას და უნარებს, რათა მოიპოვონ დამსახურებული ადგილები უმაღლეს სასწავლებლებში და ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ნინო წერეთლის განცხადებით გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
"ყველაფერი მშვიდ პროცესში მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ, ასეც დამთავრდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურიენტებს, რათა ბოლომდე შეძლონ საკუთარი ცოდნის დადასტურება. ჩემი თხოვნაა, ნებისმიერი გამოცდის დაწყებამდე, მითითებულ დროს გამოცხადდნენ, დაგვიანების გარეშე", - განაცხადა ნინო წერეთელმა.