საქართველოს რჩეული ხმა - აჩი ჯაიანია.
18 წლის მომღერალმა, ხალხის ხმების 58% დააგროვა და საქართველოს ხმის სტატუსთან ერთად პროექტის მთავარი პრიზი - ბინა მიიღო.
დასკვნითი შოუ, ემოციებითა და მოულოდნელობებით იყო სავსე. აჩი ჯაიანის მამა მთელი პროექტის განმავლობაში შვილს უცხოეთიდან გულშემატკივრობდა. რამდენიმე ათასი კილომეტრის მიუხედავად, მისი არცერთი გამოსვლა არ გამოუტოვებია, ახლა კი, ამ მნიშვნელოვან მომენტში სულხან ჯაიანი დარბაზში იჯდა.
LIVE კონცერტი ორი ნაწილისგან შედგებოდა.
სამმა ფინალისტმა ქართველი კომპოზიტორების ორ-ორი სიმღერა შეასრულა. საუკეთესო შეფასებები ჟიურისგან ერეკლე თურქაძემ და გიორგი ჭიალაშვილმა დაიმსახურეს.
ფინალმა არა მხოლოდ გამარჯვებული გამოავლინა, მეგობრობა და თანადგომა კიდევ ერთხელ დაადასტურა. სწორედ ამიტომ აჩი ჯაიანის ტრიუმფი, დანარჩენი ორი ფინალისტის გამარჯვებაც აღმოჩნდა.
ორი თვის განმავლობაში, პროექტმა არაერთი ნიჭიერი მომღერალი გამოავლინა და დიდ სცენაზე ქართულმა სიმღერამ სულ სხვანაირი ჟღერადობა შეიძინა. შოუმ ახალგაზრდა შემსრულებლებს შანსი მისცა, რომ საკუთარი ხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაეჟღერებინათ.
ქართული მუსიკის კვალდაკვალ, მაყურებელი მთავარი აღმოჩენების მოწმე ნამდვილად გახდა.
წინ კი, მეორე სეზონია- ახალი ხმები, ახალი სახეები და კიდევ უფრო მეტი აღმოჩენა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.