ექსტრემიზმის დაფინანსების შეჩერების აუცილებლობაზე პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ საუბრობს. შალვა პაპუაშვილმა მორიგი სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პირველი კანონმდებელი ოპონენტების ნაწილთან ერთად მათ დონორებს მიმართავს, მსგავსი საქმიანობის დაფინანსება შეწყვიტონ.
შალვა პაპუაშვილის მიმართვის ადრესატი ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილია. ფედერალისტების ლიდერმა ექსტრემიზმის შესახებ სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხოდ ისაუბრა. მისი თქმით, ექსტრემიზმში ცუდი არაფერია, თუ ის სამართლიანობას და თავისუფლებას ეხება.
ოპოზიციის ნაწილში ამბობენ, რომ მშვიდობიანი რევოლუცია მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა, მეორე ნაწილი კი რადიკალიზმის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგია.
არჩეული ხელისუფლების ცვლილება რევოლუციით ვერ მოხდება - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია საკუთარ უპერსპექტივობას ხვდება და ამიტომ ცდილობენ პროცესების რადიკალიზებას.
მმართველი გუნდი ოპონენტებს მიმართავს, უარი თქვან ექსტრემიზმზე, ნუ მოახდენენ მის მხარდაჭერას, რადგან კანონის დარღვევის შემთხვევაში, რეაგირებაც შესაბამისი იქნება.