"მამუკა ხაზარაძე და მისი ნათესავები რომ იმის სურვილით არიან გამსჭვალული, რომ ეს ქვეყანა ჩამოიქცეს და უბედურება დადგეს, სიახლე არ არის," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი "ICR ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, კახა ხაზარაძის განცხადებებს, რომელმაც BMG-თან ინტერვიუში თქვა, რომ შემოდგომაზე საქართველოს ეკონომიკაში კრიზისი დაიწყება.
მისივე თქმით, კახა ხაზარაძე პოლიტიკურად მიკერძოებული პირია, რომელიც ეკონომიკურ კოლაფსს დიდი ხანია პროგნოზირებს და მისი მოსაზრებები რეალობას აცდენილია.
"ხდება ტყუილების პროპაგანდირება, რომელსაც არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს. მამუკა ხაზარაძე და მისი ნათესავები რომ იმის სურვილით არიან გამსჭვალული, რომ ეს ქვეყანა ჩამოიქცეს და უბედურება დადგეს, სიახლე არ არის. ტყუილები, რომლითაც მუდმივად ცდილობენ საქართველოს მოსახლეობისა და ინვესტორების დაშინებას: დიდი ხნის მანძილზე პროგნოზირებდნენ ლარის კურსის დევალვაციას, ინფლაციის ზრდას და ა.შ. ეს ყველაფერი რომ არ მართლდება და პირიქით - ეროვნული ბანკი ზრდის თავის რეზერვებს, ლარის კურსი მყარდება, ინფლაცია არის დაშვებულ ზღვართან - ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მათი წყობილებიდან გამოყვანის საფუძველია," - აცხადებს მათიკაშვილი.