ექსტრემიზმის დაფინანსებასა და რევოლუციური პროცესების წახალისებაში პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი აქტივისტების მოწოდებებზე, რადიკალური და ძალადობრივი გეგმების მხარდაჭერაზე სრული პასუხისმგებლობა ბრიუსელს ეკისრება.
გუშინ, შეძახილები რუსთაველის გამზირზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა. საკანონმდებლო ორგანოსთან გამართული მსვლელობის შემდეგ, ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის შესახებ ოპოზიციონერი აქტივისტების მოწოდებები ისმოდა სპეციალურად მოწყობილი სცენიდანაც.
რევოლუციურ მოწოდებებს უერთდება ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოსული "ნაციონალური მოძრაობა". ექსპრეზიდენტის პარტიაში ამბობენ, რომ მათთვის ნებისმიერი სცენარი მისაღებია, თუმცა ასე არ ფიქრობს გახარიას გუნდი, სადაც ირწმუნებიან, რომ რადიკალურ გეგმებს ემიჯნებიან.
"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების სურვილი "დიფ სთეითს" აქვს, რომელიც ევროკავშირის ფინანსებით, ცალკეული ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რადიკალურ ქმედებებს აფინანსებს. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ არეულობის ნებისმიერ მცდელობას აღკვეთს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ - მათ შორის იყო კონკრეტული ჯგუფი, რომელიც პარლამენტის წინ ამჯერადაც სააკაშვილის ბანერებით მივიდა.