22 ივნისი 2026,   05:51
ვრცლად
2035 წლისთვის NATO-ს წევრმა ყველა ქვეყანამ თავდაცვისა და შეიარაღების ხარჯები 5%-მდე უნდა გაზარდოს - ტრამპი მიიჩნევს, რომ ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის

11 წლის შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ყველაზე დიდი თავდაცვითი ორგანიზაციის სამხედრო შესაძლებლობების განახლების დროა. ის, რაზეც უელსის სამიტზე 2014 წელს შეჯერდნენ, 2025 წლის გეოპოლიტიკურ გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. ლიდერები აღიარებენ, რომ 32 ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2%-ის დახარჯვა თავდაცვასა და შეიარაღებაზე საკმარისი აღარ არის.

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, კრიზისი ახლო აღმოსავლეთში და ტერორიზმი - სწორედ ამას მიიჩნევს NATO-ს საზღვრებში მცხოვრები 1 მილიარდი ადამიანისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ მარკ რუტე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ტრანსფორმაციული და ისტორიული უწოდა წლევანდელ NATO-ს სამიტზე, ნიდერლანდების სამეფოში მიღებულ გადაწყვეტილებას.

"ამ შეკრებაზე ჩვენ მივიღებთ ისტორიულ გადაწყვეტილებას იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა უფრო დაცულად გრძნობდეს თავს. საიმისოდ, რომ NATO იყოს უფრო ძლიერი, ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 5% მოახმარონ თავდაცვას. ეს გადაწყვეტილება მყარად ეფუძნება ჩვენს მთავარ პრინციპებს", - აცხადებს მარკ რუტე.

მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის მიღების შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა გამოაცხადა, ჰააგის სამიტზე მთავარი როლი მაინც ამერიკის პრეზიდენტს ერგო.

დონალდ ტრამპმა გაამხილა, რომ დეკლარაციის მიღებისთვის, სამიტზე მას მადლობა პირადადაც გადაუხადეს. თეთრი სახლის ლიდერი მიიჩნევს, რომ თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ მას მიუძღვის.

"მოგეხსენებათ, რომ აქამდე 2%-ზე ვიყავით, ახლა კი 5%-მდე აიწია ნიშნულმა. რამდენიმე ქვეყნის ლიდერი ჩემთან მოვიდა და მითხრა, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ამას 20 წელია ვცდილობთ, 3%-მდეც კი ვერ გავზარდეთ, თქვენ კი მოხვედით და 5%მდე აწიეთ. მისმინეთ, ევროპის დაცვის ტვირთი ევროპის ქვეყნებზეც უნდა გადანაწილდეს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შედეგით უმეტესობა ქვეყნებისა კმაყოფილია, თუმცა ყველა - არა. ესპანეთი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს თავდაცვას არ მოახმარს. ესპანეთის სამეფოს პოზიცია ნიდერლანდებში პედრო სანჩესმა ჩაიტანა. პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ მისმა ქვეყანამ თავდაცვაში იმაზე მეტი არ უნდა გადაიხადოს, რასაც ახლა იხდის. ამის გამო სანჩესმა ტრამპის კრიტიკაც დაიმსახურა.

NATO-ს წევრი ქვეყნების გარდა, სტუმართა სიაში არაწევრი 5 ქვეყნის ლიდერიც იყო. აქედან მხოლოდ 2 გამოცხადდა. ერთ-ერთი კი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო. ამჯერად ოფიციალური და პროტოკოლით გათვალისწინებული ტანისამოსით.

ომში მყოფი ქვეყნის ლიდერს 50 წუთიანი პირისპირ დიალოგი ჰქონდა ტრამპთან, უმასპინძლა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც და მხარდაჭერის გაგრძელების პირობაც მისცა.

გასული წლის სამიტზე მიღებული დეკლარაციისგან განსხვავებით, წელს 4 პუნქტიან დოკუმენტში უკრაინა მხოლოდ 2-ჯერ არის ნახსენები, არაფერია ნათქვამი ომში მყოფი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც.

ახალი დოკუმენტის მიხედვით, პროცესების მიმდინარეობა 2029 წლისათვის გადაიხედება, 2035 წელს კი ყველა ქვეყანა უნდა აფიქსირებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ის მოხმარებას თავდაცვასა და შეიარაღებაზე.

ავტორი:სანდრო სანაია 

დღის ამბები