სამ დღეში, საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციის დარბაზის კარი გიორგი გახარიასთვის კიდევ ერთხელ გაიხსნება, თუმცა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, კითხვებზე პასუხის გასაცემად, სავარაუდოდ, არ მივა. 2 ივლისამდე იყო 23 ივნისი, გახარია კომისიაზე არ გამოცხადდა და დისტანციური ჩართვა მოითხოვა, მიზეზად ქვეყნიდან წასვლა დასახელდა. გახარია ამბობს, რომ დროებით წავიდა, საგამოძიებო კომისიას კი ეჭვი გაუჩნდა, რომ გაიქცა.
კითხვა ბევრია, მათ შორის, მოქმედებდა თუ არა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ? სახელისუფლებო პარტია, გიორგი გახარიას ქმედებების უკან გარე ძალების დავალებას ხედავს. პროვოკაციად ფასდება 2019 წელს მის მიერ გაცემული ბრძანებაც, რომლის მიზანი, მათი განცხადებით, შეიარაღებული დაპირისპირება და ახალი კონფლიქტი იყო.
გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილების მიზანი სახელმწიფოებრიობის დაცვა იყო და ამ გადაწყვეტილების შესახებ ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებული იყო. როდის დაბრუნდება მათი ლიდერი საქართველოში? კითხვაზე კონკრეტულ პასუხს არ ან ვერ სცემენ.
"საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე" პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. ახლად არჩეული გენერალური პროკურორი პირობას დებს, რომ გამოიკითხება ყველა ის ადამიანი, ვისაც საქმესთან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა, მათ შორის, გიორგი გახარიაც.
გიორგი გახარიას, ჩორჩანას საგუშაგოს განთავსების საკითხი რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელთან არ შეუთანხმებია, ეს მოქმედმაც დაადასტურა.
ჩორჩანაში მომხდარს, 2008 წლის მინი მოდელად აფასებს მთავრობის მეთაური. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა კი, პრემიერ-მინისტრისთვის იმის დასტურია, რომ გახარიას არგუმენტები არ აქვს. ირაკლი კობახიძე ჩორჩანის ეპიზოდის გარდა, გიორგი გახარიას სხვა ნაბიჯებზეც საუბრობს, რომელმაც, მისი თქმით, ქვეყანა დააზიანა.