"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოზიციას არ ცვლის და დანარჩენ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნას სთავაზობს. პარტიაში ამბობენ, რომ მათი ლიდერების დაკავება ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ინიციატივას უწუნებენ მიხეილ სააკაშვილის პარტიაში. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის წევრებს დღეს წარსული განცხადებები შეახსენა და პოზიციის საბოლოოდ და მკაფიოდ ჩამოყალიბება ურჩია.
სააკაშვილის მოქმედ თანაპარტიელებს სრულად ეთანხმებიან ყოფილი თანაგუნდელები. "სტრატეგია აღმაშენებელს" ერთიანობა სურს, გვარამია-მელიას პოლიტიკურ ძალაში კი მიიჩნევენ, რომ დისკუსია საჭირო არაა და საარჩევნო მარათონში არცერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა ჩაერთოს.
რას გულისხმობს ერთიანობა - განმარტებებს კოლეგებისგან გახარიას გუნდი ითხოვს. პარალელურად, პოზიციის შეცვლას არც ექს-პრემიერის პარტია აპირებს - ემზადება არჩევნებისთვის და არჩევს მერობის კანდიდატებს.
ხელისუფლების ოპონენტებს შორის არსებული დაპირისპირება მთავრობის მეთაურისთვის ოპოზიციის უკიდურესად დასუსტების დასტურია. თავად ქართული ოცნება მუნიციპალური არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება და ოპონენტებს მძიმე მარცხს უწინასწარმეტყველებს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე 101 დღე რჩება. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს საქართველოს მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბერს აირჩევს.