პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზე პასუხისმგებლობას უცხოელ აქტორებს აკისრებს, რომლებიც, მისივე თქმით, პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებას ახალისებდნენ. ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, კრიტიკის საპასუხოდ, ახსენებს, რომ საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადება ევროპის ქვეყნებში გაცილებით მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.
ევროპის ცალკეული ქვეყნების, მათ შორის, საფრანგეთისა და შვედეთის ოფიციალური პირების გარდა, გავრცელდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადება. ანიტა ჰიპერი ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებას პოლიტიკურ დევნას უწოდებს.
ბრიუსელის კრიტიკას სოციალური ქსელითვე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული სწორედ მართლმსაჯულებაში ჩარევა და სისხლის სამართლის დანაშაულების გამართლებაა. არგუმენტად მოჰყავს ოპოზიციონერი ლიდერების ის გახმაურებული საქმეები, რომლებსაც პარტნიორები თავის დროზეც პოლიტიკურ დევნად აფასებდნენ, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა.
პარტნიორების კრიტიკას სრულად იზიარებს და ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებაზე მუშაობს ოპოზიცია, მათ შორის, ის პარტიები, რომელთა ლიდერებიც უკვე დაკავებულები არიან.
სინამდვილეში, კანონის წინაშე ყველა თანასწორია - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევროკავშირი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია და სტანდარტებს რეალურად დღეს ევრობიუროკრატები ადგენენ.
დავაბრუნოთ ევროპა ევროკავშირში - ამ შინაარსის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ იმ ფოტოსთან ერთად გაავრცელა, რომელზეც კონკრეტული ევროპარლამენტარები ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას ითხოვდნენ.