უკომპრომისო ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ - საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მიერ გადაგზავნილი ერთ-ერთი საკანონმდებლო ინიციატივა ჩანაცვლებით თერაპიას ეხება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. მეთადონის პროგრამას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს, კერძო სექტორისთვის კი ეს საქმიანობა სრულად აიკრძალება. ლეგალური ნარკომანიის წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამკაცრდება კონტროლი ყველა მომსახურებაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი იმაზეც, რომ მკურნალობისა და მედიკამენტების გარეშე არცერთი ადამიანი არ დარჩეს.
ნარკომანიასთან ბრძოლის წინააღმდეგ, მთავრობის მიერ შემუშავებული მეორე ინიციატივა, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს და მის რეალიზაციას ეხება. სხვადასხვა პრეპარატის არასამედიცინო დანიშნულებით გამოყენების რისკების შესამცირებლად, კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი აეკრძალებათ. სიახლის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გაკონტროლდება რეცეპტებისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა და ამავე მედიკამენტების მოხმარების სტატისტიკაც.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან გავა, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა - ამ პროცესის ორგანიზება, მთავრობის მეთაურმა, დღეს ჯანდაცვის მინისტრს დაავალა. უწყების ხელმძღვანელის თქმით, შესაბამისი სამუშაოები პროცედურების სრული დაცვით ჩატარდება და შენარჩუნდება ყველა ის უფასო სერვისიც, რომელსაც პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები იღებდნენ.
მთავრობის ახალ ინიციატივას აკრიტიკებს ოპოზიცია. მათი ნაწილი ამბობს, რომ პროგრამის განხორციელება კერძო სექტორის რესურსის გარეშე ვერ მოხერხდება, მეორე ნაწილი კი საკანონმდებლო ცვლილებების მიღმა საარჩევნო მიზნებს ხედავს.
მთავრობის ორ ახალ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა უკვე აქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა სოციალურ ქსელში დაწერა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ პრემიერ მინისტრის ინიციატივებს, საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს და უმოკლეს დროში მიიღებს.
საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენამდე, პრემიერ-მინისტრმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბოლო თვეებში გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. მათ შორის, რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველების მიერ ამოღებულ 300 კილოგრამ ჰეროინსა და გუშინ დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციაზე, რომლის შედეგადაც, პოლიციამ 18 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი, კოკაინი და მეტადონი.