ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, კერძო სექტორისთვის იკრძალება. ორივე მიმართულებაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს. ამას გარდა, პროგრამებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან გავა.
მთავრობის ინიციატივაზე ბრიფინგი პრემიერ-მინისტრმა გამართა. არგუმენტებად დასახელდა მკურნალობაზე ზრუნვა და ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება.
ინიციატივაზე უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები. აღნიშნულ ინიციატივას არ იზიარებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ინიციატივა ერთგვარი პოპულისტური ნაბიჯია მმართველი გუნდის მხრიდან და გარკვეულწილად საარჩევნო მიზნებს ემსახურება.
"ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ხელისუფლების ძირითადი ამოცანა ეს არ არის. ხელისუფლების ამოცანა არის პოპულისტური - ადამიანებს შეუქმნას ილუზია, თითქოს ნარკომანიას ებრძვის, თუმცა, ამ "მეთადონის," ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის რეორგანიზაციითა და სახეცვლილებით, რა თქმა უნდა, ნარკომანიის პრობლემა არ მოგვარდება. პირიქით, ამ ტიპის პროგრამები გამოიყენება ხოლმე "ოცნების" მხრიდან საარჩევნო მიზნებით," - აღნიშნა "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ვახტანგ სურგულაძის შეფასებით, მისთვის გაუგებარია სამკურნალო პროცესს რატომ უნდა ახორციელებდეს მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურა. მისივე თქმით, ამ ნაბიჯით, სახელმწიფოს სურს, გააკონტროლოს ყველა ის ადამიანი, ვინც ნარკომანიით არის დაავადებული.