სასამართლო პროცესებზე წესრიგის დამყარების მიზნით, "ქართული ოცნება" ახალ კანონპროექტს აინიცირებს. ინიციატორების თქმით, სასამართლო სხდომებზე ხმაურის, დაპირისპირებისა და მოსამართლეებზე ზეწოლის აღმოსაფხვრელად, სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია, მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.
"ქართული ოცნების" ოპონენტები ინიციატივას აკრიტიკებენ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, მოქმედი პრაქტიკა საკმაოდ ლიბერალურია, რასაც ოპოზიცია საკუთარი დესტრუქციული მიზნებისთვის იყენებს. სწორედ არსებული ვითარების შესაცვლელად უმრავლესობაში იმ ამერიკულ და ევროპულ გამოცდილებასა და პრაქტიკაზე საუბრობენ, რომლის დანერგვასაც საქართველოში აპირებენ.
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი უკვე ინიცირებულია. კანონმდებლები ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავენ და კვირის ბოლომდე დაამტკიცებენ.
ავტორი: კესო ქაფიანიძე