ალბათ იშვიათია მხარე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იმდენი ომი გადაიტანოს, რამდენიც სამცხე-ჯავახეთს. ეს ტერიტორია ყოველთვის იყო მტრის სამიზნე, თუნდაც თავისი ადგილმდებარეობის გამო.
საკუთარი იდენტობისთვის ბრძოლა ადგილობრივებისთვის ერთგვარი ცხოვრების წესიც გახდა.
მესხეთის მოსახლეობა, განსაკუთრებით კი მთაში მაცხოვრებლები, მშვიდობიან დროსაც ომისთვის ემზადებოდნენ.
გუნდის ნასოფლარის მთელი ტერიტორია მიწის ქვეშ გვირაბებით და სამალავებითაა სავსე. ერთადერთი ნაგებობა, რომელიც დღემდე მეტ-ნაკლებად შემოინახა, ეს პატარა საყდარია.
რელიგიური წნეხი იყო საკმაოდ დიდი, მიწის ზევით საყდარში შესვლა კი, ფაქტობრივად - სიკვდილის ტოლფასი.
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დაცლილი სოფელი გუნდი ძველმესხური ცხოვრების ცოცხალი მუზეუმია. ერთი შეხედვითაც შეიძლება იმის მიხვედრა, თუ რამდენად მჭიდროდ იყო დასახლებული აქაურობა.
ე.წ. მიწისქვეშა სოფლებში შეხიზნულ ხალხს დღეების, კვირების განმავლობაში უწევდათ მძიმე პირობებში ყოფნა და, ასევე, პარტიზანული ბრძოლაც.
ვარძიის მსგავსად, დაქსელილი იყო მესხეთის მთები და კლდეებიც. ერთ-ერთი ასეთი ადგილია გელსუნდა. კლდის გამოქვაბულები აქ შორიდანაც კარგად ჩანს.
დარნების უმეტესობა, სამწუხაროდ, დაზიანებული და ჩახერგილია. შესაბამისად, აქ შესვლისას სიფრთხილეც საჭიროა.
წარსულისა და აწმყოს ერთგვარ სინთეზს, როგორც არქიტექტურაში, ასევე კულინარიაშიც, მესხურ სოფლებში სულ უფრო ხშირად შეხვდებით. ერთ-ერთი ამის მაგალითია ივანიძეების ოჯახი სოფელ აწყვიტაში. აქ პურსაც და ქადებსაც ძველი წესით, ქვის ღუმელში აცხობენ.
ასე რომ, თუ წარსულში მოგზაურობა გიტაცებთ, მესხეთს რამდენიმე დღით მაინც უნდა ეწვიოთ. ეს მხარე უამრავ ლამაზ ტრადიციას ინახავს.
ავტორი: გიორგი ქორქია