რეგულაციებით, რომელიც საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტმა თებერვალში მიიღო, "ქართული ოცნება" სამართლებრივ დავებს იწყებს. მმართველი პარტია რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვის შემდეგ ის მიზეზებიც განიმარტა, რის გამოც საჩივრის მომზადება გახდა საჭირო. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, სიტყვიერ კრიტიკასა და სისტემურ სიძულვილს შორის ზღვარი მოშლილია. ზიზღის ენით საუბრის მიღმა კი, სახელმწიფოს ძირითადი ინსტიტუტების სტაბილურობის შერყევის მცდელობა დგას. "ქართული ოცნებაში" ამ ვითარებას ორგანიზებულ ტერორს უწოდებენ, რაც მათივე შეფასებით, უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების, დონორებისა და ზოგიერთ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მთავრობების მიერაა წახალისებული.
გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა - ეს განცდა რჩება ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სამიზნე, როგორც სოციალური ქსელი, ასევე საჯარო და სატელევიზიო ეთერში გამოხატული პოზიცია გახდება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უკონტროლო შეურაცხყოფაზე, გინებასა და ზიზღის ენაზე სახელმწიფოს რეაგირება მნიშვნელოვანია. აცხადებენ, რომ საქართველოსგან განსხვავებით, სხვა სახელმწიფოებში უფრო მკაცრი მიდგომებია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, ნორმად ვერ დამკვიდრდება სიტყვიერი შეურაცხყოფა და თავდასხმა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადაეცა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით, ვის მიმართ დაიწყება სამართლებრივი დავა, დღეს არ დასახელებულა. მმართველ პარტიაში თქვეს, რომ ადრესატების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.