ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და იტალიის პარლამენტის ერთობლივ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ლევან მახაშვილის განცხადებით, 2025 წლის გლობალური ტერორიზმის ინდექსით, საქართველო შეფასდა, როგორც ქვეყანა, რომელსაც ტერორიზმის გავლენის ნულოვანი მაჩვენებელი აქვს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშში კი საქართველო კვლავ დასახელებულია, როგორც სანდო და სტაბილური პარტნიორი გლობალურ ანტიტერორისტულ ძალისხმევაში.
"საქართველოში ტერორიზმის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლას აქვს სამი ძირითადი მიზეზი: პირველი, ყოვლისმომცველი და რელევანტური სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩო. მეორე, ეფექტიანად მოქმედი და მაღალკვალიფიციური უსაფრთხოების ინსტიტუტები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. და მესამე, სოციალური ინტეგრაცია და არასადამსჯელო ინსტრუმენტები, მათ შორის, ეკონომიკის გაძლიერება, საგანმანათლებლო და სათემო პროგრამები.
ტერორიზმს არ გააჩნია საზღვრები, ეროვნება, ენა, რელიგია, მაგრამ ის ყოველთვის ფესვებს იკიდებს მაშინ, როდესაც ვადუნებთ ყურადღებას და ვკარგავთ ერთიანობას. შესაბამისად, საერთაშორისო თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საქართველო მზადაა, გააგრძელოს და კიდევ უფრო გააღრმაოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან," - განაცხადა მახაშვილმა.