"საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექნება უფლება, ერთი წევრი წარადგინოს კანდიდატად, ერთკვირიან ვადაში მათი მოსმენის ჭრილში, შემდგომ უკვე ჩატარდება კენჭისყრა," - ეს განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა გენერალური პროკურორის შერჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, პირველ რიგში, იქნება ღია კენჭისყრა და არ იქნება არანაირი ფარულობა.
"შერჩევა და არჩევა ეს არის ორი განსხვავებული, ერთმანეთისგან გამიჯნული სამართლებრივი მოცემულობა, და ჩვენ, ამ შემთხვევაში, კონსტიტუციით, ვალდებულები ვართ ავირჩიოთ გენერალური პროკურორი. ამიტომაც, წესი იქნება ასეთი. პირველ რიგში, იქნება ღია კენჭისყრა, არ იქნება არანაირი ფარულობა. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ ამ საკითხით და ვთვლით, რომ ასეთ უწყებებში, რომელიც არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი აირჩიოს, კენჭისყრა უნდა იყოს ღია. საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს, ექნება უფლება ერთი წევრი წარადგინოს კანდიდატად, ერთ კვირიან ვადაში მათი მოსმენის ჭრილში, შემდგომ უკვე ჩატარდება კენჭისყრა. ოპონენტებისთვის არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რაც უკეთესობისკენ ცვლის ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობას, საკანონმდებლო სივრცეს და ა.შ. ისინი თუ არ არიან ხელისუფლებაში, ქვა ქვაზეც უნდა დარჩენილა საქართველოში, სამწუხაროდ, ასეთი მოცემულობა აქვთ რადიკალებს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, გენერალური პროკურორის შერჩევის წესი იცვლება - "პროკურატურის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.