23 აგვისტო 2026,   17:01
ვრცლად
აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციურ ფლანგზე - "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებს მიაჩნიათ, რომ "ლელოსა" და გახარიას პარტიის პოზიცია, ოპოზიციის მხრიდან არათანმიმდევრულობის შედეგია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვე რჩება. ამ ფონზე კი, ოპოზიციურ სპექტრში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.

პარტიაში "კოალიცია ცვლილებებისთვის" აცხადებენ, რომ საზოგადოებას კოლექტიურად ოპოზიციის მიმართ ნდობა ეკარგება. მელია-გვარამიას პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, "ლელოსა" და გახარიას პარტიის გაურკვეველი პოზიცია არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან არათანმიმდევრულობის შედეგია.

"არსებულ ვითარებაში, ჩვენ არ ვაპირებთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მნიშვნელოვანია პოლიტიკური და მორალური სიცხადე იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ, ყველამ ერთად შევძლოთ იმ მიზნის მიღწევა, რაც ერთად გვაქვს დასახული. ამ არჩევნებზე გასვლა ისე, რომ ეს ორი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, საბოლოო ჯამში, ეს იქნება მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭება, თანამშრომლობა და ამით შეძლებენ ქვეყანაში გარკვეული მოჩვენებითი სტაბილურობის შექმნას", - განაცხადა ნიკა ფარულავამ.

გვარამია-მელიას პარტიის წარმომადგენლებს "ლელოში" უპასუხეს. "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ყველა პარტია დადებითი დღის წესრიგით უნდა დაკავდეს და ნორმალური არ არის, როდესაც პარტიას იმდენი დრო აქვს, რომ მუდმივად სხვა პარტიებზე ლაპარაკობს.

"ჩემი პასუხი იქნება, რომ გამიხარდება თუ ყველა პარტია დაკავდება დადებითი დღის წესრიგით და საკუთარი საქმით. მე არ ვფიქრობ ჯანსაღი იყოს პარტიას იმდენი ეცალოს, რომ მუდამ სხვა პარტიაზე საუბრობდეს. ჩვენ გამოვარკვევთ რა გვსურს ჩვენ და აუცილებლად გამოვარკვევთ რა ჯობს ამ ქვეყნისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნას მიღწეული, ამ არჩევნებში გავიდეთ და რა თქმა უნდა, დავამარცხოთ ქართული ოცნების ხელისუფლება", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

 

დღის ამბები