"პარი სენ-ჟერმენისა" და "ინტერის" მატჩი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ფინალს მიუნხენში მდებარე სტადიონი "ალიანს არენა" უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიას ხვალინდელ თამაშს მთელი საქართველო ელოდება. ამ წუთებში კი, "ალიანს არენაზე" ბოლო საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს. ქართველი ვარსკვლავი ძირითად შემადგენლობაშია და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
მილანის "ინტერისა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვა თემებთან ერთად, პსჟ-ს ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"ხვიჩა კვარაცხელია მაღალი ხარისხის ფეხბურთელია, ძლიერია ერთი-ერთზე თამაში და ძალიან სახიფათოა თავისუფალ სივრცეში. ამიტომ, ყურადღება მხოლოდ მის მიმართ კი არა, მთელი რიგი მაღალი დონის მოთამაშეების მიმართ გვმართებს. სწორედ ამიტომ, საჭიროა კარგად მოვემზადოთ. სულ რამდენიმე საათი გვრჩება მოედანზე გასვლამდე. გვაქვს ბოლო ვარჯიში, შემდეგ კი დავისვენებთ და ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ ვითამაშოთ ფეხბურთი და შევასრულოთ ჩვენი საქმე ხვალ საღამოს," - ამბობს ლაუტარო მარტინესი.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი