ნიკა მელია დიღმის სამმართველოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მოსამართლე განიხილავს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეს, რომელზეც მელიას 50 000 ლარიანი გირაოს გადახდის ვადა გუშინ ამოეწურა.
პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენებს. ნიკა მელია გუშინ სხვა საქმეზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოალიცია "ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელ ქმედებას გულისხმობს.
"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მას მოლოდინი აქვს, რომ ნიკა მელიას დააკავებენ.
"ვემხრობი იმას, რასაც ნიკა აკეთებს. ჩვენ კომისია მიგვაჩნია არაკონსტიტუციურად , მოთხოვნა მიგვაჩნია არაკონსტიტუციურად, სასამართლო გადაწყვეტილებაც და შესაბამისად გირაოც. ამიტომ არ ვიხდით მას. რა მოლოდინი უნდა მქონდეს, ის მოლოდინი რომლის პროგნოზირება იმთავითვე შეიძლებოდა - დაპატიმრების", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნიკა მელიას დაკავება მეტ კონსოლიდაციას გამოიწვევს, მათ შორის, ოპოზიციურ ველზეც.
"ბუნებრივი მოთხოვნაა მისი მხრიდან, რომ დაესწროს სხდომას. მომავალში, ბევრ ჩვენგანსაც შესაძლებელია კომუნიკაციის მხოლოდ ეს შესაძლებლობა დაგვრჩეს. რა თქმა უნდა, ეს არის რეპრესიების გაგრძელება. მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას გამოიწვევს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს კონსოლიდაცია ითარგმნება, მათ შორის, კონკრეტულ გაერთიანებაში ოპოზიციურ ველზე", - თინა ბოკუჩავა.