22 აგვისტო 2026,   01:24
ვრცლად
"ფაქტია, რომ რუსთაველის გამზირზე იმართება აქციები, იქ შეიძლება შემთხვევითაც მოხვდნენ მათი ქვეყნის მოქალაქეები" - ირაკლი ფავლენიშვილი პოლონეთის საელჩოს განცხადებაზე

პოლონეთის საელჩოს განცხადებას, რომლითაც, საკუთარ მოქალაქეებს მიმართა, საქართველოში გამგზავრებამდე შეაფასონ ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, ერთ-ერთ რისკ ფაქტორად კი დემონსტრაციებში მონაწილეობაა დასახელებული, შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. 

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, აქციები რუსთაველის გამზირზე იმართება, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ იქ შეიძლება შემთხვევითაც მოხვდნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები.

"ფაქტია, რომ რუსთაველის გამზირზე იმართება აქციები, იქ შეიძლება შემთხვევითაც მოხვდნენ მათი ქვეყნის მოქალაქეები. ყველაფერს იყენებენ ისინი რეპრესიებისთვის, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება საერთოდ შემთხვევით აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე. ვგულისხმობ მათ შორის ტურისტებს, ტურისტები ძირითადად გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე და შეიძლება საერთოდ შემთხვევით აღმოჩნდნენ საპროტესტო აქციის ეპიცენტრში", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე არ მიიჩნევს სწორად, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს შემოსვლა აეკრძალოს, თუკი მას კანონის საწინააღმდეგო საქმიანობა არ ჩაუდენია. 

"დემოკრატიულ ქვეყანაში არ მგონია, რომელიმე მოქალაქეს ამ ქვეყანაში შემოსვლა უნდა ავუკრძალოთ, თუ ეს მოქალაქეები კანონის საწინააღმდეგო საქმიანობას არ სჩადიან. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ქართველი ხალხის პროტესტია და გასაგებია და მადლობელიც ვიქნებით, თუ ჩვენი უცხოელი მეგობრებიც გამოხატავენ მხარდაჭერას, მაგრამ ბუნებრივია როგორც ჩვენ გვევალება მშვიდობიანი პროტესტი და არ ვართ მომხრე ძალადობრივი ქმედებების, ეს ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეზე, ისე უცხოეთის მოქალაქეზეც", - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

 

დღის ამბები