23 აგვისტო 2026,   13:22
ვრცლად
ხელისუფლება და კანონი ამბობს, დაიცავი კანონი, თუ არ შეასრულებ კანონს, კანონი იმ ზომას მოგანიჭებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული - ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ვაშაძეზე

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე დღეს გიორგი ვაშაძის პროცესი გაიმართა. წინასასამართლო სხდომაზე გადაწყდა, რომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა - ადვოკატები კომისიის თავმჯდომარის და იუსტიციის მინისტრის გამოკითხვას ითხოვდნენ.

ვაშაძეს ამ საქმეზე 50 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გარანტიადაც მან უძრავი ქონება ჩადო.

ვაშაძის საქმეზე კომენტარს მმართველ გუნდში აკეთებენ. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, თუ გიორგი ვაშაძე კანონს არ დაემორჩილება, იმ ზომებს მიიღებენ, რაც კანონით არის გათვალისწინებული.

"ჩვენი გაფრთხილება არც სჭირდება, იმიტომ, რომ ეს წერია კანონში. ამიტომ, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ კანონი უნდა შეგნებულად დავარღვიო, აქ სპეკულაციის ადგილი აღარ რჩება. მას ხომ ვინმე არ ეუბნება, რომ შენ ისეთ ზეწოლას გაგიკეთებ, რომ კანონს დაგარღვევინებ და ამით მე შენზე რაღაცა შურს ვიძიებ, და ციხეში ან/და პასუხისგებაში მიგცემ?!

პირიქით, ხელისუფლება და კანონი ამბობს, დაიცავი კანონი, შეასრულე კანონის მოთხოვნა. ის დაბეჯითებით იმეორებს, რომ "მე კანონს არ შევასრულებ".

თუ არ შეასრულებ კანონს, კანონი იმ ზომას მოგანიჭებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები