ბათუმის სასამართლოში, მზია ამაღლობელის პროცესზე იმყოფებოდნენ ელჩები და ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, დიპლომატებს შორის იყო გერმანიის ელჩი. სხდომაზე მისვლამდე პეტერ ფიშერმა "ბათუმელებს" ვრცელი ინტერვიუ მისცა. მან მზია ამაღლობელის საქმეს ტესტი უწოდა, განმარტა საკუთარი პოზიციაც.
როგორც დიპლომატი აცხადებს, პოლიციელისთვის ხელის გარტყმა ყველამ ნახა და მის ქვეყანაში ეს ქმედება დაუშვებელია, ელჩი აქვე კითხვებს სვამს სასჯელის პროპორციულობაზე: "მართლაც იმსახურებს თუ არა ოთხიდან შვიდ წლიან სასჯელს? ის უკვე ოთხი თვეა პატიმრობაშია" - აღნიშნავს პეტერ ფიშერი.
სხდომათა დარბაზში იყვნენ შვედეთის და ესტონეთის ელჩებიც. ცნობისთვის, ესტონეთს სავიზო სანქციები აქვს დაწესებული როგორც მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეებზე, ასევე პროკურორებსა და დაზარალებულად ცნობილ ირაკლი დგებუაძეზე.
ელჩების მხრიდან სასამართლო პროცესში უხეშ ჩარევაზე საუბრობს "ქართული ოცნება", მმართველმა გუნდმა დღეს დიპლომატები მწვავედ გააკრიტიკა, განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებში პოლიციელზე თავდასხმა უმკაცრესად ისჯება.
"ჩვენ ევროკავშირის ელჩისგან მოვისმინეთ რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტი, რომ თურმე ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევიან, თუმცა, სასამართლო პროცესზე დასწრება, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა. ეს ერთგვარი ზეწოლაც კი შეიძლება იყოს სასამართლო სისტემაზე. წარმოიდგინეთ თქვენ, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ვინმე სხვა ქვეყნის ელჩი დაესწროს რომელიმე სასამართლო პროცესს. ესტონეთის მიერ კონკრეტული ამ მოსამართლის სანქცირება, რა თქმა უნდა მზია ამაღლობელის პროცესს უკავშირდება და რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი ზეწოლაა მოსამართლეზე და სასამართლო სისტემაზე. რა ვქნათ, სამწუხაროდ, ასეთი ელჩები ჰყავთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში, თუმცა ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ორმაგ სტანდარტზე, დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაზე და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.