22 აგვისტო 2026,   03:49
ვრცლად
საქართველოში მიმდინარე პროცესები, ევროპაში დემოკრატიის გამოწვევები და ორმაგი სტანდარტები - მაკა ბოჭორიშვილის მთავარი აქცენტები მინისტერიალზე

ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოს მიმართ პარტნიორების მხრიდან არასამართლიან დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა.

ლუქსემბურგში სიტყვით გამოსვლის დროს, მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგა მინისტრებს ღიად უთხრა, რომ მხოლოდ ცრუ ნარატივებით არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება, რაც თბილისის წუხილს იწვევს და ნდობას აზიანებს.

ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებმა პოლიტიკურ იარაღად, საწინააღმდეგო აზრების ცირკულირების ნაცვლად, ეს შესაძლებლობა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის უნდა გამოიყენონ, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული.

"მთავარი აქცენტი, რაც ჩემი გამოსვლის დროს გავამახვილე, შეეხებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. პირველ რიგში, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ამ რეგიონებში ადამიანების უფლებების დარღვევებს. შესაბამისად, ხაზი გავუსვით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების მნიშვნელობას ამ კონტექსტში. რა თქმა უნდა, ეს ფორმატი ასევე გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მესაუბრა საქართველოს შიდა განვითარებებზე, ზოგადად, ევროპის რეგიონში დემოკრატიის გამოწვევებზე და ორმაგ სტანდარტებზე. თუ ყველა კვლევას, რეიტინგს და მონაცემებს შევხედავთ, საქართველოს მართლაც თვალსაჩინო პროგრესი აქვს გასული 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა და არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება. ესეც, რა თქმა უნდა, ჩემი გზავნილი იყო, როდესაც ევროპის საბჭოს მინისტერიალზე ვისაუბრე", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები