21 ივნისი 2026,   09:50
ვრცლად
ხვალ, თურქეთი უკრაინასა და რუსეთს უმასპინძლებს - თუ პუტინი ზელენსკისთან შეხვედრას დათანხმდება, ტრამპი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვიზიტის განრიგს შეცვლის და შეხვედრას თავადაც დაესწრება

კრემლის ლიდერმა პრესკონფერენცია ისე დატოვა, რომ სტამბოლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე არაფერი უთქვამს.

გეგმავს თუ არა პუტინი სტამბოლში ჩასვლას - ჟურნალისტის დასმულ ამ შეკითხვას, არც კრემლის პრეს სპიკერმა უპასუხა. დიმიტრი პესკოვმა მხოლოდ ის თქვა, რომ ხვალ რუსეთის პრეზიდენტს სამუშაო შეხვედრები ექნება და სტამბოლში მოსკოვის დელეგაცია გაემგზავრება.

იმ შემთხვევაში, თუ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას დათანხმდება ტრამპი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვიზიტის განრიგს შეცვლის და შეხვედრას თავადაც დაესწრება. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა "ეარ ფორსის" ბორტზე მაშინ გააკეთა, როდესაც საუდის არაბეთიდან ყატარში მიემგზავრებოდა. ცნობილია, რომ ორმხრივ შეხვედრაზე შტატებს სამი წარმომადგენელი ეყოლება, ვაშინგტონის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, მომლაპარაკებელი სტივ უიტკოფი და გენერალი კიტ კელოგი წარადგენენ.

ცნობილია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც. ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ ანკარაში ჩავა, სადაც თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება. იმ შემთხვევაში კი, თუ მოლაპარაკებებში მონაწილეობას ვლადიმერ პუტინიც გადაწყვეტს, ზელენსკი ანკარადან სტამბოლში გაემართება. მედია წერს, რომ ოფიციალური კიევი მაგიდაზე ორ საკითხს დადებს, ესაა ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების გათავისუფლება.

კიევისა და მოსკოვის შეხვედრისთვის დიპლომატიური პლატფორმას ამზადებს ოფიციალური ანკარა. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მისაღწევად ახალი შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა.

დღის ამბები