"ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინისთვის NATO-ს წევრობა გარანტირებული იქნებოდა" – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის NATO-ს წევრობის პერსპექტივას, თუმცა არა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.
"მთელი NATO ეთანხმება უკრაინის შეუქცევად გზას NATO-სკენ, მაგრამ ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის გარანტირებული იქნებოდა NATO-ს წევრობა. ეს არასდროს შეთანხმებულა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, NATO-ს მოკავშირეებმა თქვეს – დიახ, იარსებებს NATO-ს წევრობის პერსპექტივა. ეს უფრო შორეული პერსპექტივისთვისაა, არა ამჟამად მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. როგორც მანამდეც ვთქვი, მე მიხარია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჩიხი გაარღვია, რომ პროგრესი მიიღწევა. ამ მომენტში არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა NATO-სა და უკრაინას შორის. ჩვენ გვაქვს სარდლობა ვისბადენში, რომელიც ორგანიზებას უწევს უკრაინის სამხედრო დახმარებას. ჩვენ ერთობლივად ვუწევთ ორგანიზებას წვრთნებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის," - განაცხადა რუტემ.