"ქართული ოცნების" მეცხრე ყრილობაზე მეშვიდე თავმჯდომარედ, ირაკლი კობახიძე, მეორე ვადით აირჩიეს. პრემიერ-მინისტრს, რომელიც მანამდე პარტიას 3 წლის განმავლობაშიც ხელმძღვანელობდა, დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. სწორედ ამის შემდეგ დაიკავა ახალმა თავმჯდომარემ ტრიბუნა, საიდანაც გუნდს - გამოცხადებული ნდობისთვის, ხოლო მის წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ისაუბრა პარტიის დაფუძნებიდან გასულ 13 წელიწადზე, როგორც დამოუკიდებლობისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის ბრძოლაზე და ამ ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის როლზე.
რა გზა გაიარა ქვეყანამ სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ბრძოლაში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სახელმწიფო - ირაკლი კობახიძე თავის გამოსვლაში მსოფლიოში არსებულ გლობალურ პრობლემებს და კონკრეტული ძალების ინტერესებსაც შეეხო.
მმართველი პარტია, მორიგი, მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება - საარჩევნო კამპანია რამდენიმე კვირაში დაიწყება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რომელიც პარალელურად საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს, ამბობს, რომ სახელისუფლებო პარტია თვითმმართველობის არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგებს. გუნდის პრიორიტეტებად დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, ეკონომიკის განვითარებას და ევროინტეგრაციისთვის საგარეო პოზიციების გამყარებას ასახელებს.
ახლად არჩეული თავმჯდომარის სიტყვა 10 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, მანამდე იყო პარტიის აღმასრულებელი მდივნის გამოსვლა. ყრილობა სწორედ მამუკა მდინარაძემ გახსნა. რომელმაც ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წარდგენასთან ერთად, პარტიის მიღწევებზეც ისაუბრა.
თავმჯდომარის არჩევის გარდა, ყრილობის დღის წესრიგი პოლიტიკური საბჭოს განახლებასაც ითვალისწინებდა. საბჭო 17-ის ნაცვლად 15 წევრით დაკომპლექტდა, სადაც თანამდებობრივად შედიან პარტიის საპატიო თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ასევე გენერალური, პოლიტიკური და აღმასრულებელი მდივნები. პარლამენტის ვიცე-სპიკერები, შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა პოლიტიკური საბჭოს წევრებად დაამტკიცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელიც.
დამტკიცების შემდეგ, პოლიტსაბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ ადგილზევე გამართა პირველი შეხვედრა, სადაც პარტიის პოლიტიკურ მდივნად შალვა პაპუაშვილი, ხოლო აჭარის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად სულხან თამაზაშვილი ოფიციალურად წარადგინეს.