22 აგვისტო 2026,   11:04
ვრცლად
"400-ზე მეტი განაცხადია შემოსული. ადამიანები ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას" - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობას ორშაბათიდან განაახლებს

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობას ორშაბათიდან განაახლებს. კომისიის წევრები წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ქმედებებს იკვლევენ და დაზარალებული ადამიანებისგან ისტორიებს ისმენენ. მიმდინარე კვირაში, კომისიამ ფოტო-რეპორტიორებს მოუსმინა, რომლებსაც სიმართლის გაშუქებისთვის ჯაშუშობა და ქვეყნის ღალატი დააბრალეს. ამავე კვირაში განიხილეს ნავთლუღის გახმაურებული სპეცოპერაციაც.

"დაახლოებით, 400-ზე მეტი განაცხადია შემოსული. ადამიანები ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. წამება, სიცოცხლის აღკვეთა, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის წართმევა და ა.შ. სურათი ძალიან მძიმეა. როცა გაგიგია ამის შესახებ და შემდეგ, ადამიანი რომ ჰყვება, რეალურად, გარდა სასამართლოს მიერ დამდგარი განაჩენისა, ადამიანმა რა სულიერი, მორალური, ფიზიკური [ტკივილი განიცადა], ოჯახები როგორ ინგრეოდა... ეს ყველაფერი კიდევ სხვა ტრაგედიაა. ეს მოსმენები გრძელდება და ყველა მაქსიმალურად იქნება მოსმენილი," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მასშტაბები იმდენად დიდია, რომ სავარაუდოდ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, კომისია ყველა მსურველის მოსმენას ვერ მოახერხებს.

"მასშტაბებია იმხელა, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ალბათ კომისია ვერც კი ამოწურავს იმ ადამიანების გამოკითხვას, რომლებიც დააზიანეს და დააზარალეს "ნაცმოძრაობის" რეჟიმის დროს. ქართულმა საზოგადოებამ დაინახავს მსგავსს ნიურნბერგის პროცესისას, რომლის დასკვნის საფუძველზეც, სამართლებრივად გაუქმდება "ნაციონალური მოძრაობა", როგორც რეჟიმი," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები