"ქართული ოცნება" საფრანგეთის ორმაგ სტანდარტზეც საუბრობს - კითხვებს აჩენს აქციის დაშლის ფრანგული მეთოდები. სპეცდანიშნულების რაზმის 5 საათიანი ღონისძიება, ძალის გამოყენებით დარბეული მშრომელთა მარშის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები. ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, ხელკეტები და ათობით დაკავებული- ფიზიკური დაპირისპირება პარიზის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის აქციის მონაწილეების მხრიდან პიროტექნიკის გამოყენებას მოჰყვა.
საფრანგეთი ჩადენილ ქმედებებს კანონის დაცვით ხსნის, დიპლომატიური უწყებები კი აქტიურობას დუმილს არჩევენ - მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ხელისუფლება ინტერესდება, რატომ არ ისჯება მსგავსი ქმედებებისთვის საფრანგეთი?!
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროპელი პოლიტიკოსების დუმილს ორმაგ სტანდარტად აფასებენ. ამბობენ, რომ ისინი, ვინც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, ახლა საფრანგეთის მთავრობის მიერ აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლაზე დუმილს ირჩევენ, რაც საპარლამენტო უმრავლესობისთვის უსამართლო მიდგომის კიდევ ერთი მაგალითია.
საფრანგეთის დედაქალაქში მასშტაბური დემონსტრაციები მშრომელთა საერთაშორისო დღეს გაიმართა. პარიზის ქუჩებში გამოსული მომიტინგეთა ნაწილი სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი - პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება თითქმის 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა სპეციალური საშუალებების და ძალისმიერი მეთოდების გამოყენება მას შემდეგ დაიწყეს, რაც დემონსტრანტებმა პიროტექნიკა ისროლეს. პოლიციისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების და სახის დაფარვის გამო, 50-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია.
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას პერმანენტულ რეჟიმში აკრიტიკებენ, საფრანგეთში მშვიდობიანი აქციის დაშლის შეფასებისგან თავს იკავებენ. ამბობენ, რომ ევროპულ მაგალითებზე საუბარი, სერიოზული არ არის.
პროტესტი, რომელსაც ოპოზიცია მშვიდობიანს უწოდებს, მმართველი გუნდისთვის ქვეყანაში რადიკალური ქმედებების და რევოლუციური პროცესების წახალისების მცდელობაა. რაც მმართველი გუნდის შეფასებით, ევროპული ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც კანონით დასჯადია.
საფრანგეთში მშვიდობიანი აქციის ძალის გამოყენებით დაშლას ევროპელი ლიდერების მხრიდან კრიტიკა ამ დრომდე არ მოჰყოლია. განმარტება არც იმ ქვეყნების ხელისუფლებებს გაუკეთებიათ, სადაც პირველ მაისს შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალეს. აქციების დროს, სხვადასხვა ქვეყანაში ასეულობით მოქალაქე დააკავეს.