პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.
გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების საგანია, მათ შორის, თბილისში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭავარიანის განცხადებით, პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის" რეიტინგი ეზრდება, რის გამოც ახლა "დიფ სთეითი" მის განადგურებას ცდილობს.
"ალტერნატივა გერმანიისთვის" არსებობს და ბევრჯერ საჯაროდ აქვს გაცხადებული გერმანიის ეროვნული ინტერესი. ის ეწინააღმდეგება ლგბტ-ს და მომხრეა ეროვნული ღირებულებების. ეწინააღმდეგება ომს და უნდა მშვიდობა, ეს ყველაფერი, ჯამში, არის "დიფ სთეითის" საწინააღმდეგო და ამიტომაც გამოაცხადეს ექსტრემისტულ პარტიად.
წარმოადგინეთ, "ალტერნატივა გერმანიისთვის" პარტია გერმანიაში, რომელიც არც ხელისუფლებაში ყოფილა, არც ხალხი დაურბევია და დაუხოცია ქუჩაში, არც ქონება წაურთმევია გერმანიის საზოგადოებისთვის და არც ომი არ მოუტანია, "დიფ სთეითი" და მისი წარმომადგენლობა გერმანიის ხელისუფლებაში, ამ პარტიას შერაცხავს ტირანულ და ექსტრემისტულ პარტიად მაშინ, როდესაც "ნაცმოძრაობას" რაცხავს ეროვნული ღირებულებების პარტიად. ეს არა მარტო ორმაგი სტანდარტია, არამედ არის "დიფ სთეითის" სახე", - განაცხადა გურამ მაჭავარიანმა.